ახალი ამბები

ენმ პარლამენტს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღოს

19 დეკემბერი, 2016 • 2285
ენმ პარლამენტს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღოს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს. გაცხადების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს დაარეგისტრირა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა  თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს:

“განცხადებით  სოლიდარობას გამოვუცხადებთ სირიელ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში და კატასტროფაში იმყოფებიან. განცხადებაში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტორი ამ რეგიონში, თვალყურს ადევნებს ამ პრობლემას, ამ კრიზისს და თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს. ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული როლიც,” – ამბობს სერგი კაპანაძე.

ენმ-ის ინიციატივას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია სირიის კონფლიქტზე:

“პრემიერმა გამოთქვა მზაობა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, კონსულტაციები მიმდინარეობს გაეროს შესაბამის ოფისთან. მკაფიო პოზიციას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის საგრეო უწყება, ხისტად, სწორად და მიზანმიმართულად. ვუერთდებით გაეროს წევრი ქვეყნების პათოსს ყველა კონტექსტში. შესაბამისად, არ მგონია, თქვენი მოთხოვნა იმ მიზანს შეესაბამებოდეს, რასაც წარმოაჩენთ,” – აღნიშნა მდინარაძემ.

სირიასთან დაკავშირებით პარლამენტსა  და მთავრობას 17 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამაც მიმართა და მოუწოდა,  შეაფასოს მომხდარი მოვლენები და დაგმოს რუსეთის მონაწილეობა სირიის სისხლიან კონფლიქტში, რომელიც დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო ომის ფარგლებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი