ახალი ამბები

Human Rights Watch ადმინისტრაციული დაკავებების ფაქტებს ეხმაურება

26 სექტემბერი, 2012 • 1187
Human Rights Watch ადმინისტრაციული დაკავებების ფაქტებს ეხმაურება

“სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებულმა პირებმა ისარგებლონ საკუთარი საპროცესო უფლებებით, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სამართლიანად, ნებისმიერი, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ბრალდების შემთხვევაში”, – აცხადებს Human Rights Watch.

 

“ბოლო დღეების მანძილზე, ქართული მედიისა და პოლიტიკური პარტიების ცნობით, 28–ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 21 სექტემბრიდან მოყოლებული ამ ადამიანებს აპატიმრებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი დანაშაულისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის. რამდენიმე დაკავებულს 10–40 დღემდე პატიმრობა მიესაჯა. მათ შორის არიან პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” აქტივისტები, ასევე დაახლოებით ექვსამდე დაკავებული აქტიურად იყო ჩართული თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც აგრეთვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ ზემოთ აღნიშნული პირებიდან ყველას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, მათ შორის  ერთ–ერთ ახალგაზრდა აქტივისტს (სანდრო ცაგარელს) 400 –ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

განცხადებაში ასევე ნახსენებია დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილის დაკავების ფაქტები და ნათქვამია, რომ მათ თავის მართლების გარეშე მიესაჯათ 10– დღიანი პატიმრობა და სავარაუდოდ მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

“ნებისმიერი დანაშაულისთვის დაკავებულ პიროვნებას აქვს უფლება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, ასევე დაცული უნდა იყოს მისი სხვა ძირითადი უფლებები”, – განაცხადა Human Rights Watch–ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა გიორგი გოგიამ. მისი თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად სახელმწიფომ ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი