ახალი ამბები

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

19 დეკემბერი, 2016 • 2894
ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე გამოძიება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა) და  333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

“ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”- აცხადებს პროკურატურა.

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ 18 დეკემბერს, ღამით, ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და ამ სამართალდამცველის ორმა მეგობარმა სცემეს. მისივე თქმით, დაპირისპირება ბორჯომში მოყინული გზისა და ავტომობილის გაუმართაობის გამო მისი მანქანის მოსრიალებას მოჰყვა. მისი თქმით, პოლიციელი და მისი მეგობრები უყვიროდნენ, რომ ავარიით მათი მოკვლა უნდოდა და არ აძლევდნენ ახსნა-განმარტების საშუალებას, რატომ მოსრიალდა ავტომობილი.

“ბორჯომში წუხელ ღამით ჩამოვედი, მოვდიოდი სასტუმრო ქრაუნ პლაზაში ჟურნალისტების სემინარზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის გაშუქებას. იმის მაგივრად, რომ ეს სემინარი მომესმინა, ფაქტობრივად, ჩემს თავზე განვიცადე  ადამიანის უფლებების დარღვევა სამართალდამცველის მხრიდან. მე გზა ამერია, ამ დროს ეს პირები აღმოჩნდნენ იმავე გზაზე, სადაც მე მომისრიალდა მანქანა გაუმართაობის გამო. შემდეგ ისინი მომადგნენ… გადმოვიდა მანქანიდან პოლიციელი, რომელმაც მანქანაში მჯდომს დამარტყა, ახნსა-განმარტების საშუალებაც კი არ მომცა. იარაღი მომაბჯინა თავზე.  მუქარით, ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფებებით, ფაქტობრივად, არ ამახსნევინეს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, რომ მანქანა გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან, მცემეს, მირტყამდნენ თავში, ყბაში, ასევე- მხარში.  მათ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და  სასტუმროში მივდიოდი. მათ მითხრეს, რომ შენ ფხიზელი არ  იქნები და ახლა განყოფილებაში წაგათრევთ და ნახავ, რაც მოგივაო. ცემის შემდეგ მათ მითხრეს, რომ შენ რადგანაც ჟურნალისტი ხარ, ალბათ, ხვალიდან ამის გამო ამბავს ატეხავო. მათ  მიმიყვანეს სასტუმროდე იმ პირობით, რომ მე არ ვიტყოდი ამის შესახებ და არ გავამხელდი. აღნიშნული პირებიდან ერთი იყო პოლიციელი მიშა ხუციშვილი. დანარჩენი ორი მისი მეგობრები იყვნენ. სამივე მათგანი- სამოქალაქო ფორმაში”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუ დადასტურდა “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ბორჯომში პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველი უმკაცრესად დაისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი