ახალი ამბები

განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ აუდიტორია N115 დანაშაულს ჩადის

19 დეკემბერი, 2016 • 2027
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ აუდიტორია N115 დანაშაულს ჩადის

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აუდიტორია N115 ხელს უშლის სხვა სტუდენტებს სწავლაში და ჩადის დანაშაულს, ხოლო სტუდენტური გაერთიანებისთვის უცნაურია, რატომ ცდილობს მინისტრი სიტუაციის დაძაბვას და მიიჩნევენ, რომ ჯეჯელავა თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის გამო ნაწყენია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, რომ პრემიერისა და მისი დაპირების შესაბამისად, სტუდენტური გაერთიანების მოთხოვნები საკანონმდებლო თვალსაზრისით გათვალისწინებული იქნება: “თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 ათასის უყურადღებოდ დავტოვოთ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა და მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები – ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, თავის შიგნით როგორ გადაწყვიტოს.”

განათლების მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერტსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება არის აუდიტორია N115-ის გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში.

“ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და, მე მგონი, არაფერში სჭირდებათ. რამდენჯერმე ეთერებით ვთხოვეთ ამ ხალხს, რომ გამოხატონ აუცილებლად თავისი პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თანატოლებს ნუ შეუშლიან სწავლაში ხელს. დღესაც გავიმეორებ ამ თხოვნას,” – ამბობს ჯეჯელავა.

აუდიტორია N115 აცხადებს, რომ მათთვის ძალიან უცნაურია, თუ რატომ ცდილობს ალექსანდრე ჯეჯელავა სიტუაციის გამწვავებას ამ ტიპის განცხადებებით მაშინ, როდესაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტუდენტების თქმით, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია და შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

“ჩნდება განცდა, რომ მინისტრი, უბრალოდ, ნაწყენია იმის გამო, რომ პროცესების მიღმა დარჩა. ის, რაც რამდენიმე თვის წინ მას უნდა გაეკეთებინა, ახლა აკეთებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თითქოს ის ამ ყველაფრის გამო ნაწყენია. სხვა ახსნა მე პირადად არ მაქვს, თუ რატომ ცდილობს მინისტრი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას. თუ დანაშაულია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საინტერესოა, რატომ გაახსენდა ეს ბატონ მინისტრს ოცდამეექვსე დღეს. ასევე საინტერესოა, რატომ აირჩია განათლების კომიტეტმა “დამნაშვეებთან” მოლაპარაკების გზა,” – განუცხადა ნეტგაზეთს აუდიტორია N115-ის წევრმა, გიორგი არობელიძემ.

 24 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, აუდიტორია N115-მა თსუ–ს მე-6 კორპუსი დაიკავა და მეორე დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში პიკეტირებული იყო, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები საღამოს მაინც ლეგიტიმურად გამოცხადდა.

მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა შეჩერებულია და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მაღლივში უტარდებათ ლექციები, რაც მათ ასევე გააპროტესტეს. სტუდენტური გაერთიანების წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის კი პიკეტირებულ მეექვსე კორპუსში თითქმის ყოველდღე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები კითხულობენ საჯარო ლექციებს, რომლებსაც აუდიტორია N115 ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ აანონსებს.

სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი. გარდა ამისა, ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

2016 წლის აპრილში სტუდენტური გაერთიანების წევრებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს ასეთი “მახინჯი სახით”. პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვებოდა განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში, თუმცა ეს ყველაფერი დღემდე არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი