ახალი ამბები

TV იბერიის წამყვანი ამბობს, რომ პოლიციელმა სცემა და იარაღი შუბლზე მიადო

19 დეკემბერი, 2016 • 3708
TV იბერიის წამყვანი ამბობს, რომ პოლიციელმა სცემა და იარაღი შუბლზე მიადო

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და ამ სამართალდამცველის ორმა მეგობარმა სცემეს.

როგორც გასვიანმა ტელეკომპანია “იბერიას” განუცხადა, დაპირისპირება მოხდა წუხელ, როდესაც ბორჯომში მოყინული გზისა და ავტომობილის გაუმართაობის გამო მისი მანქანა მოსრიალდა. პირები, რომლებსაც გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, წამყვანის თქმით, სწორედ იმ ქუჩაზე იმყოფებოდნენ. გასვიანი ამბობს, რომ დაპირისპირება სწორედ მანქანის მოსრიალებას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიციელი და მისი მეგობრები უყვიროდნენ, რომ ავარიით მათი მოკვლა უნდოდა და არ მისცეს ახსნა-განმარტების საშუალება, რატომ მოსრიალდა ავტომობილი.

“ბორჯომში წუხელ ღამით ჩამოვედი, მოვდიოდი სასტუმრო ქრაუნ პლაზაში ჟურნალისტების სემინარზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის გაშუქებას. იმის მაგივრად, რომ ეს სემინარი მომესმინა, ფაქტობრივად, ჩემს თავზე განვიცადე  ადამიანის უფლებების დარღვევა სამართალდამცველის მხრიდან. მე გზა ამერია, ამ დროს ეს პირები აღმოჩნდნენ იმავე გზაზე, სადაც მე მომისრიალდა მანქანა გაუმართაობის გამო. შემდეგ ისინი მომადგნენ… გადმოვიდა მანქანიდან პოლიციელი, რომელმაც მანქანაში მჯდომს დამარტყა, ახნსა-განმარტების საშუალებაც კი არ მომცა. იარაღი მომაბჯინა თავზე.  მუქარით ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფებებით, ფაქტობრივად, არ ამახსნევინეს, თუ რა მდგოარეობაში ვიყავი, რომ მანქანა გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან, მცემეს, მირტყამდნენ თავში, ყბაში, ასევე- მხარში.  მათ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და  სასტურმოში მივდიოდი. მათ მითხრეს, რომ შენ ფხიზელი არ  იქნები და ახლა განყოფილებაში წაგათრევთ და ნახავ რაც მოგივაო. ცემის შემდეგ მათ მითხრეს, რომ შენ რადგანაც ჟურნალისტი ხარ, ალბათ, ხვალიდან ამის გამო ამბავს ატეხავო. მათ  მიმიყვანეს სასტუმროდე იმ პირობით, რომ მე არ ვიტყოდი ამის შესახებ და არ გავამხელდი. აღნიშნული პირებიდან ერთი იყო პოლიციელი მიშა ხუციშვილი. დანარჩენი ორი მისი მეგობრები იყვნენ. სამივე მათგანი- სამოქალაქო ფორმაში”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუ დადასტურდა “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ბორჯომში პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველი უმკაცრესად დაისჯება.

“რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო? ერთი ის შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით და პირობა მოგცეთ, იმას, რასაც ეს ადამიანი [გიორგი გასვიანი, ჟურნალისტი] ამბობს, თუ დადასტურდა, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი