ახალი ამბები

საფინანსო კომპანია “საქართველოს” მმართველსა და დირექტორს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

18 დეკემბერი, 2016 • 2880
საფინანსო კომპანია “საქართველოს” მმართველსა და დირექტორს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 18 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველოს” დირექტორსა და ფაქტობრივ მმართველს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომპანიის დირექტორის, თამაზ ლობჟანიძისა და ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ითხოვდა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. შემდეგი წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარსაა დანიშნული.

ფერაძესა და ლობჟანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებას.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულებმა 2 648 მეანაბრის თანხა გაფლანგეს, რომელთა მიმართ დავალიანება 76 000 000 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს კომპანიები თავად მერაბ ფერაძის სახელზეა რეგისტრირებული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი ითვალისწინებს  7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი