ახალი ამბები

მწერლები მთავრობას ნიკა ჩერქეზიშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

17 დეკემბერი, 2016 • 2524
მწერლები მთავრობას ნიკა ჩერქეზიშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

მწერლები, ლიტერატორები, გამომცემლები და ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში შიმშილობდა მთავრობის კანცელარიასთან პროტესტის ნიშნად და პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მისი საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს სათანადო ყურადღება და დაინტერესდეს ნიკა ჩერქეზიშვილის საქმით. ვითხოვოთ, შესწავლისა და განხილვის პროცესში ჩართოთ საზოგადოების წარმოადგენელები მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამგვარი კომისია, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს საკითხის სათანადოდ შესწავლას.

ჩვენ გვწამს, ნიკა ჩერქეზიშვილის, როგორც კარგი მოქალაქისა და პროფესიონალის ღირსების დაცვა და მისი მხარდაჭერა, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების სადარაჯოზე დგომაა, ვისაც უკანონოდ და უსამართლოდ მოექცნენ”, – ავრცელებნ განცხადებსა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერები. ისინი ამავე წერილით თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებენ მათი კოლეგებისა და მწერლების უმრავლესობას, რომლებიც, მათივე თქმით, “სოციალურად უკიდურეს მდგომარეობაში ცხოვრობენ”.

ნიკა ჩერქეზიშვილი 12.12.16 ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ნიკა ჩერქეზიშვილი მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის მეორე დღეს. 12.12.16 ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

“ნიკა ჩერქეზიშვილი უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, იგი ყველა გზით იბრძვის სამართლიანობის და ღირსების აღსადგენად, მათ შორის მიმართა სასამართლოს, რომელმაც არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და ამიტომ დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება”, – ამბობენ განცხადების ავტორები. განცხადებას ხელს სხვადასხვა მწერალი, პოეტი, ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტი აწერს.

ნიკა ჩერქეზიშვილი 6 დღის განმავლობაში შიმშილობდა მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, შიმშილობა და ღამის თევა შეეწყვიტა. მისი მეგობრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. 18 დეკემბერს, 15:00 საათზე ისინი აპირებენ, ისევ მივიდნენ მთავრობის კანცელარიასთან და აქცია-პერფორმანსი გამართონ:

“ნიკა ჩერქეზიშვილის ექვსდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რის გამოც მოუწევს რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის გადატანა, მისი მეგობრები ვაპირებთ, რომ მას ამ მდგომარეობაში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი და მთავრობის კანცელარიის წინ, მოვაწყოთ აქცია-პერფორმანსი, რითაც ვეტყვით პასუხისმგებელ პირებს, რომ უნდა რცხვენოდეთ”, – წერენ მისი მხარდამჭერები. განცხადებას ხელს აწერენ მარიამ წიკლაური, მალხაზ ხარბედია, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ლომოური, გაგა ნახუცრიშვილი და სხვები.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე” ჩერქეზიშვილის საქმის დეტალები – “ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი შრომითი უფლებებისთვის ღია ცის ქვეშ

მასალების გადაბეჭდვის წესი