ახალი ამბები

კაისერიში აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

17 დეკემბერი, 2016 • 29166
კაისერიში აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქალაქ კაისერიში 17 დეკემბრის დილას მომხდარ აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავები კიდევ 5 ბრალდებულს ეძებენ.

ძლიერი აფეთქება კაისერის უნივერსიტეტთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე, მოხდა – როდესაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი გაჩერდა, მას ავტომობილი მიუახლოვდა და აფეთქდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას თუ ჯგუფს არ აუღია.

აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, “როიტერსის” ცნობით, დაშავებულია 56 ადამიანი, რომლებიც, თურქული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც თურქეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, 17 დეკემბრის ინციდენტი ძალიან ჰგავს ერთი კვირით ადრე, 10 დეკემბერს, სტამბულში მომხდარ თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო “ქურთისტანის მუშათა პარტიამ”. 10 დეკემბრის აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა. ქურთისტანის მუშათა პარტიას დააბრალა აფეთქების ორგანიზება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც.

თურქული პოლიცია კაისერიში სამანქანო ბომბის აფეთქების ადგილას. მანქანა ჯარისკაცებით სავსე ავტობუსთან ახლოს აფეთქდა. 17.12.2016. ფოტო: EPA/DEPO PHOTOS

თურქული პოლიცია კაისერიში სამანქანო ბომბის აფეთქების ადგილას. მანქანა ჯარისკაცებით სავსე ავტობუსთან ახლოს აფეთქდა. 17.12.2016. ფოტო: EPA/DEPO PHOTOS

თავდასხმის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ოფისმა მედიას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რამაც შესაძლოა “საზოგადოებაში შიში, პანიკა და არეულობა გამოიწვიოს და ტერორისტულ ორგანიზაციებს მიზნის მიღწევაში შეუწყოს ხელი”, – წერს “ესოშიეითიდ პრესი”.

კაისერიში აფეთქების გამო სტამბულში საპროტესტო აქცია გაიმართა. 17.12.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

კაისერიში აფეთქების გამო სტამბულში საპროტესტო აქცია გაიმართა. 17.12.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი