ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ვცდილობთ, სირიელ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ

17 დეკემბერი, 2016 • 8867
კვირიკაშვილი: ვცდილობთ, სირიელ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე ცდილობს, სირიის ქალაქ ალეპოს მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

“ჩვენ ვცდილობთ, გაეროს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ [ალეპოში, სირიაში] ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს.

სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში დამოუკიდებელი ინიციატივებიც გაჩნდა. მაგალითად, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი ითხოვს, რომ სახელმწიფო მათ ერთიანი ბაზის შექმნაში დაეხმაროს, სადაც ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე შეძლებს გაერთიანებას, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. ამასთან, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს აქვთ ინიციატივა, გლოვის ნიშნად დროებით ჩაქრეს საახალწლო განათებები საქართველოს ქალაქებში.

სირიისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გასაპროტესტებლად თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, ათობით ადამიანი შეიკრიბა. 15.12.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

სირიისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გასაპროტესტებლად და ალეპოელი მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოსახატავად თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, ათობით ადამიანი შეიკრიბა. 15.12.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის ვიდეოები გავრცელდა, – მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების პარალელურად, ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. გაეროს ინფორმაციით, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებოდნენ და ადგილზე ხოცავდნენ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი გაერომ “კაცობრიობის კრიზისად” შეაფასა. სამთავრობო ძალების მოქმედებას “გენოციდს” უწოდებდნენ ალეპოელები და ამბობენ, რომ ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ ითხოვდნენ მხარდაჭერასა და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან. სწორედ ამ საფრთხეების შეახებ საუბრობენ გავრცელებულ ვიდეოებში.

ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურთ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს. ბოლო პერიოდში ასადის ჯარებმა, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, აჯანყებულები ქალაქის მცირე დასახლებებში მიიმწყვდიეს, ახლა კი, რუსეთის თქმითვე, ასადის ხელისუფლებამ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი