ახალი ამბები

მთავრობას შეკვეთილის საკონცერტო დარბაზთან, ევკალიპტების პარკში რესტორნის აშენება სურს

16 დეკემბერი, 2016 • 3334
მთავრობას შეკვეთილის საკონცერტო დარბაზთან, ევკალიპტების პარკში რესტორნის აშენება სურს

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ არსებულ ევკალიპტების პარკში, „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენების და მართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

საინვესტიციო პირობების თანახმად, ინვესტორმა 2017 წლის 1 მაისამდე უნდა ააშენოს 2-სართულიანი რესტორანი ტერასითა და ღა სივრცეებით. ასევე უნდა შექმნას სწრაფი კვების ობიექტი. შენობები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს – 100 ლარს.

აღნაგობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ უძრავ ქონებაზე აღმართული შენობა-ნაგებობ(ებ)ი სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ, ამასთან, აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე გაწეული ხარჯები სახელმწიფოს მიერ არ ანაზღაურდება, აცხადებს სააგენტო.

საინვესტივიო პირობების თანახმად, ინვესტორს, მოთხოვნის შესაბამისად, არანაკლებ 1000 კვ.მ. და არანაკლებ 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები გადაეცემა. ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რესტორნის მშენებლობის გამო ევკალიპტის ხეები არ გაიჩეხება.

სააგენტო აცხადებს, რომ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ციცინათელას“ გასართობ პარკთან ერთად ქმნის ერთიან უნიკალურ ტურისტულ კომპლექსს და სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.

„ბლექ სი არენა” გათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ კრისტინა აგილერა, ვანესა მეი, ჯგუფი Scorpions, ერისიონი. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი.

საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზს ემსახურება 140-კაციანი პერსონალი. ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში. ასევე, გასათვალისწინებელია არტისტი და მისი შემოქმედებითი/ტექნიკური ჯგუფი, რომელთა კვების უზრუნველყოფა ასევე აუცილებელია, აცხადებს სააგენტო.

საკონცერტო დარბაზი შეკეთილში

საკონცერტო დარბაზი შეკეთილში

მასალების გადაბეჭდვის წესი