ახალი ამბები

801 302 000 ლარი – საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

16 დეკემბერი, 2016 • 1963
801 302 000  ლარი – საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი  31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მერიის ცნობით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 1 031 500 ლარით გაიზარდა და 801 302 000  ლარი შეადგინა.

მერიის ცნობით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებად რჩება:

[checklist]

  • მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება – დაიხარჯება 64 მილიონ ლარზე მეტი.
  • საგზაო ინფრასტრუქტურა – 85.5 მილიონი ლარი დაიხარჯება
  • გამწვანება – წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ-იანი ზრდაა
  • განათლება

[/checklist]

მერიის ცნობით, გამწვანების მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2,019,000 ლარი განისაზღვრა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, პუშკინის N19 და ყავლაშვილის N5-N7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე N11 და N39 სახლების რეაბილიტაცია, აცხადებს მერია.

მერიის ცნობით, 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებითაც. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად ჩაერიცხებათ არაუმეტეს 20 ლარისა მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად.

2017 წელს დასრულდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც, კერძოდ, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება, რისთვისაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მლნ ლარია განსაზღვრული, აცხადებს მერია.

მერიის დაპირებით, 2017 წელს კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და შემცირებამ გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 22,3 მლნ ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი