ახალი ამბები

სანიკიძე: ალეპოში ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებისთვის საკმარისი ჩართულობა არაა

16 დეკემბერი, 2016 • 3973
სანიკიძე: ალეპოში ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებისთვის საკმარისი ჩართულობა არაა

რატომ ფერხდება ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა, რა წვლილი შეაქვს სირიის 5-წლიანი კონფლიქტის შეწყვეტაში ევროპას, აშშ-ს, თურქეთსა და რუსეთს და რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

მცდელობების მიუხედავად, ვერ ხერხდება ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია, რა ფაქტორები უშლის ხელს მოსახლეობის ქალაქიდან გამოყვანას?

ძალიან რთულია ინფორმაციის მოპოვება ამ რთულ სიტუაციაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ხდება გადინებული მოსახლეობის, მათ შორის მებრძოლების კოლონების დაბომბვა.

იყო იმედი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დატოვებდა ალეპოს. ეს ასე არ ხდება და გრძელდება სისხლისმღვრელი ბრძოლები ქალაქში. შეთანხმება დაირღვა იმ ორ მხარეს შორის, რომლებიც არღვევენ არათუ მხოლოდ ხელშეკრულებებს, არამედ  ერთი მხარეც და მეორე მხარეც კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადიან.

ალეპოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. მთავარი ინტერესი მოსახლეობისა ისაა, რომ სტაბილურად ცხოვრობდეს და ჰქონდეს სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია. ამას ვინ უზრუნველყოფს დღევანდელ ვითარებაში, მეორადია.

დღეს ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან არის მასობრივი მკვლელობები, არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.

სად შეიძლება თავი შეაფაროს ალეპოს მშვიდობიანმა მოსახლეობამ?

ერთი არის იდლიბი, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება გადავიდეს ლიბანში, არის გზა თურქეთისკენ, ან იმ ტერიტოიებზე, რომლებსაც ქურთები აკონტროლებენ. ასეთმა ინფორმაციამაც გაიჟღერა, რომ მოსახლეობას არ უნდა იმ ტერიტორიებზე გადასვლა, რომელსაც ასადი აკონტროლებს.

დასავლეთის – ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ჩართულობას როგორ შეაფასებთ?

ალეპოსთან დაკავშირებით დღეს სახეზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩართულობა არ არის იმდენი, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა დასრულდეს. გუშინ თუ დღეს ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ქმედებები და გაუხანგრძლივა სანქციები. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ალეპოს მოსახლეობის პრობლემები მოგვარდება. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ქმედითი ნაბიჯები უნდა განხორციელებულიყო 2011 წლის შემდეგ.

შეუძლია დასავლეთს უფრო მეტი გააკეთოს?

მზა რეცეპტებს ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი უნდა იყოს ჩართულობა და სამხედრო თვალსაზრისითაც რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმიტომ, რომ დღვანდელი ვითარება ამას გვკარნახობს. დასავლეთის იმედი, რომ 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ  ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული სივრცეები შეიქმნებოდა, არ გამართლდა. დღევანდელი პოლიტიკა უნდა მოერგოს რეალურ ვითარებას.

ძალიან საეჭვოა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში სირია, როგორც სახელმწიფო, შენარჩუნდეს.

მოსაზრებაც გავრცელდა, რომ ობამა საკმარისად არ დაეხმარა ალეპოს…

მე ობამას მოქმედებებს ვერ განვსჯი, მაგრამ ჩანს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან სხვა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. ვითომ დემოკრატიული ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც სინამდვილეში არანაირი დემორკატიული ჯგუფები არ ყოფილან, აღმოჩნდა არაფრის მომტანი იმიტომ, რომ დღეს ვინც ყველაზე ძლიერია სირიაში, არის ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც არა მარტო ასადს უპირისპირდება, არამედ მათი მტერი არის დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ვგულისხმობ, პირველ რიგში, “ისლამურ სახელმწიფოს”.

დასავლეთის მოქმედებაზე გავლენას რამდენად ახდენს რუსეთის ფაქტორი?

რუსეთი არავითარ ყურადღებას არ აქცევს ცივილიზებული მოქმედების ფორმას. აქვს ძალიან ხისტი პოზიცია. რუსეთს სჭირდება ის, რომ სირიაში იყოს ასადის რეჟიმი. ან იყოს ის რეჟიმი, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს.

რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე აქვს ერთადერთი გასასვლელი, სამხედრო ბაზა ტარტუსში, სირიის ტერიტორიაზე. რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, რომ ეს ხელიდან არ გაუშვას და სირია, თუნდაც შემცირებული მინისახელმწიფო, შეინარჩუნოს თავისი გავლენის სფეროში.

როგორ მოქმედებს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი მოთამაშე – თურქეთი, რომელსაც დაეძაბა ურთიერთობა რუსეთთან გარკველი ხნის განმავლობაში?

თურქეთის რეჟიმი ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა და გარდა ამისა, გადაიხარა მკვეთრად ჩრდილოაღმოსავლეთისკენ – რუსეთისკენ. მაინც მგონია, რომ თურქეთი არ გამოვა დასავლეთის ორბიტიდან. თურქეთის ინტერესები არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. თურქეთისთვის ასადის რეჟიმი არის მტერი. მაგრამ, ამასთანავე, თურქეთისთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქურთების მოძრაობა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეც არსებობს და სეპარატიზმის დიდი საფრთხის შემცველია.

თურქეთს არ სურს ქურთების სახელმწიფოს შექმნა სირიის ან ერაყის სახელმწიფოს ნანგრევებზე, რომელიც შემდეგ გაფართოებას მოინდომებს თურქეთის ტერიტორიების მიმართ. დღეს გარკვეულ მომენტში შეიძლება გადაილახა თურქეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები, მაგრამ მაინც არ მეჩვენება, რომ რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესები იყოს სრულად თანმხვედრი.

როგორი უნდა იყოს დასავლეთის პოლიტიკა, სწორება რაზე უნდა გააკეთოს?

ძალიან რთულია ამის განსაღვრა. ერთადერთი ფაქტი არის ის, რომ დასავლეთის იდეა დასავლური მოდელისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შეტანისა წარუმატებელი გამოდგა. მომავალში დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები რეჟიმები თუ შეიქმნა, რა თქმა უნდა, დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს იქნება გამოსავალი.

მეორე პრობლემად რჩება არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც თავს იჩემებენ, რომ სახელმწიფო აქტორები არიან, მაგალითად, “ისლამური სახელმწიფო”. შეიძლება ისლამური სახელმწიფოს წარმონაქმნი განადგურდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ადგილას რაღაც ახალი არ შეიქმნება. თვითონ სირიის მაგალითიც რომ ავიღოთ, ის მხოლოდ “ისლამური სახელმწიფო” არ არის, იქ “ალ ნუსრაც” არის და სხვა რადიკალური ძალებიც. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ გარკვეული რეჟიმების მხარდაჭერის შემდეგ აქ სიტუაცია ჩაწყნარდება, არ არის რეალური.

დასავლურ დემოკრატიას მოსახლეობაში დასაყრდენი თუ აქვს?

პრობლემა ახლო აღმოსავლეთისა ისაა, რომ მოსახლეობა არის ძალიან დანაწევრებული. არის ტრადიციული ურთიერთობების მომხრე მოსახლეობა, არის ევროპიზაციის მომხრე, არის, რომელიც მოითხოვს რადიკალური ბრძოლის ფორმების გამოყენებას, რაც ტერორისტებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. გარკვეული მოძრაობების, იგივე “ისლამური სახელმწიფოს” მიზანი არის ის, რომ ერთგვაროვანი მოსახლეობა შეიქმნას, რომელიც ერთ მიზანს დაემორჩილება და იდენტობის მთავარი წყარო იქნება ისლამი, ოღონდ ინტერპრეტირებული რადიკალური “ისლამური სახელმწიფოს” მიერ.

ასადი იმედოვნებს, რომ ალეპოს აღების შემდეგ გააერთიანებს მთელ ქვეყანას

მთელ სირიას ვერ გააერთიანებს, გამორიცხულია, ასადს არ აქვს ამდენი სამხედრო ძალა. რუსეთი დაეხმარება, მაგრამ მაინც შედარებით მოზომილი პოზიცია აქვს. რუსეთს არ შეჰყავს ჯარები ფართომასშტაბიანი სახმელეთო მოქმდებებსთვის და ჩემი აზრით არც შეიყვანს. დღეს საკმარისია რუსეთისთვის, რომ ასადის რეჟიმი გამაგრდეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ხმელთაშუაზღვისპირეთში. დანარჩენი ტერიტორია არის უფრო მეჩხრად დასახლებული და ინტერესს ნაკლებად იწვევს.

ამბობთ, რომ სირიის ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება გეეჭვებათ, რა იქნება შემდეგ?

არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიცვალოს, სირიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის გაკონტროლება სურს ასადს, არის ერთი ნაწილი, რომელსაც რეალურად ქურთები აკონტროლებენ, დანარჩეი ნაწილს სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფები აკონტროლებენ. პროგნოზირება რთულია, მაგრამ არ ჩანს, რომ ასადს იმდენი ძალა აქვს, რომ დაიბრუნოს ეს ადგილები. არ ჩანს, რომ დასავლეთი მისთვის მისაღებ საყრდენს იპოვნის სირიაში, რომელსაც მხარს დაუჭერს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასადისთვის ალეპოს აღება იმ წარმოსახვიდან, რაც აქვს, რომ გააკონტროლებს ამ ტერიტორიებს ალეპოდან. რამდენად მყარი იქნება ასადის რეჟიმი და რამდენად ეყოფა სამხედრო ძალა, რომ შექმნას მინისახელმწიფო, ესეც სათუოა. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩაერთვება რუსეთი და ეცდება მისი მარიონეტული რეჟიმი ასადის სახით შეინარჩუნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი