ახალი ამბები

განათლების სამინისტროს კერძო სკოლის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება შეეძლება

16 დეკემბერი, 2016 • 3237
განათლების სამინისტროს კერძო სკოლის მიზნობრივი პროგრამების  დაფინანსება შეეძლება

დღეს, 16 დეკემბერს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 97 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი  “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში  ცვლილებების შეტანის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით,  კერძო სკოლების დაფინანსების საკითხი შეიცვლება და მთავრობას მიენიჭება უფლება, დაამტკიცოს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები.

“ამის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა, დააფინანსოს კერძო სკოლები. საყურადღებოა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სკოლა უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილება კერძო სკოლების შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა, კერძო სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლოს მათი დაფინანსება შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების გათვალისწინებით”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განათლების კომიტეტის თავმჯფომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მცირეკონტიგენტიან კერძო სკოლებს მხარდაჭერა სჭიდებათ:

“მცირეკონტიგენტიან სკოლებს სჭირდებათ მხარდაჭერა მიზნობრივი პროგრამებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებასა და კრიტერიუმებს განათლების სამინისტრო შეიმუშავებს ჩვენთან მჭიდრო კონსულტაციით და მთავრობასთან შეთანხმებით. დღეს ვაუჩერი როგორც კერძო სკოლას, ისე საჯაროს გადაეცემა, მაგრამ მიზნობრივი პროგრამებისთვის – სამეცნიერო, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტის მიზნობრივი პროგრამებისთვის კერძო სკოლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაფინანსება მიიღონ.”

ამასთან, დღეს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, მოსწავლისა და მასწავლებლის დისცპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს განხორციელდა, სკოლის დასაბუთებული ინტერესის შემთხვევაშიც კი ვერ განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი