ახალი ამბები

პრეზიდენტის ნაცვლად ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს ბანკის საბჭო დანიშნავს

16 დეკემბერი, 2016 • 1375
პრეზიდენტის ნაცვლად ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს ბანკის საბჭო დანიშნავს

დღეს, 16 დეკემბერს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 97 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა.

“ეროვნული ბანკის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. კანონპროექტით,  სარგოს ოდეობას პარლამენტი განსაზღვრავს.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს განსაზღვრავს. ამ მუხლის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, “საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.” კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, არც ერთი სხვა საკანონმდებლო აქტით არ შეიძლება პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებათა დადგენა, რომლებსაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.  შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების აზრით, რახან კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის ვიცეპრეზიდენტების დანიშვნის საკითხი, კანონი უნდა შესწორდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი