ახალი ამბები

კახიშვილი: პატიმრისთვის დაგვიანებულ ამანათზე მეტი სიკეთე პატრიარქის ნაკურთხ ეკლესიაში ლოცვაა

16 დეკემბერი, 2016 • 3744
კახიშვილი: პატიმრისთვის დაგვიანებულ ამანათზე მეტი სიკეთე პატრიარქის ნაკურთხ ეკლესიაში ლოცვაა

დღეს, 16 დეკემბერს, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით ამანათების შეტანა შეფერხდა.

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს შეკითხვაზე, თუ რატომ დააბრუნეს უკან პატიმრების ახლობლები, რომელთაც ამანათის შეტანა სურდათ, სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა უპასუხა, რომ პატრიარქის მიერ ნაკურთხ ეკლესიაში ლოცვა უფრო მეტი სიკეთეა:

“სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ამხელა საზეიმო განწყობის მერე, რაც დღეს მოხდა, რომ თავად პატრიარქმა აკურთხა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ 40 წუთის განმავლობაში შეფერხდა ამანათების გამოტანა. ამაზე დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ პატიმრებისთვის, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნახევარი საათით დაგვიანებული ამანათზე უფრო მეტ სიკეთეს წარმოადგენს პატრიარქის მიერ ნაკურთხ ტაძარში ლოცვის საშუალება,”- განაცხადა კახიშვილმა “იმედის” ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

დღეს ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა. ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელები გადასცა 125 მსჯავრდებულს, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

„მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო. მინდა, ასევე, დიდი პატივისცემით დავლოცო მინისტრი, ბატონი კახი და მისი თანამშრომლები,” – განაცხადა პატრიარქმა.

მინისტრის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და 7 თვე გრძელდებოდა.

“რწმენა ყოველთვის აძლიერებს ადამიანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პატიმრები უფრო მეტად გაღრმავდებიან რწმენაში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ საზოგადოებას,“- განაცხადა კახა კახიშვილმა.

ილია მეორე და კახა კახიშვილი. ფოტო: სასჯელაღსრულების სამინისტრო 16.12.2016

ილია მეორე და კახა კახიშვილი. ფოტო: სასჯელაღსრულების სამინისტრო 16.12.2016

 

მასალების გადაბეჭდვის წესი