ახალი ამბები

ნარმანია: 2017 წელს მეტროს 30-მდე ვაგონი გარემონტდება

16 დეკემბერი, 2016 • 7423
ნარმანია: 2017 წელს მეტროს 30-მდე ვაგონი გარემონტდება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის 2017 წელს, ჯამში, 149 690,4 ათასი ლარი დაიხარჯება.  მერის თქმით, თანხა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 31 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

ამის შესახებ დავით ნარმანიამ 16 დეკემბერს საკრებულოში ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით დაგეგმილია მეტროს 30 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია, რაშიც 20 მილიონ ლარზე მეტი ( 20 853,4 ათასი ლ.) დაიხარჯება. ასევე, დაგეგმილია მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

2017 წელს ასევე იგეგმება მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება, რომლისთვისაც 8 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

თბილისის მერის თქმით, 2017 წელს დასრულდება ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა. ახალი ავტოპარკი, ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით, მუნიციპალურ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში ახალი წლიდან “Man”-ის დამატებით 25 ახალი ავტობუსი ივლის, ხოლო 2017 წლის მარტის ბოლომდე კი რაოდენობა 143-მდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი