ახალი ამბებისამართალი

შალვა ხუციშვილი: კანაფის საჯაროდ დათესვის შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე

16 დეკემბერი, 2016 • 1966
შალვა ხუციშვილი: კანაფის საჯაროდ დათესვის შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არ აკონკრეტებს, დააკავებენ თუ არა 31 დეკემბერს პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” აქციის მონაწილეებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს აპირებენ კანაფის საჯაროდ დარგვას.

“როგორც ვიცი, ცვლილებებს აპირებს იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. თუ ამ ცვლილებების მიღება მოესწრო, შეიძლება სხვაგვარად მოვიქცეთ, თუ კანონმდებლობა 31 დეკემბერს იქნება იგივე, რაც არის დღეს, ჩვენ მოვიქცევით კანონმდებლობიდან გამომდინარე.

კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მერე დადგინდება, ვინ არის დასაკავებელი და ვინ არა. ის, რომ ახლა ვიღაც ტელევიზორში გამოჩნდება და ეგრევე დავაკავებთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურა და დადგენილი პროცედურებით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა დღეს, 16 დეკემბერს, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული. ასევე, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა იყოს ლეგალიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე,  გირჩის წევრები გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას”.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით და 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი