ახალი ამბები

ირაკლი აბესაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი იქნება

16 დეკემბერი, 2016 • 3840
ირაკლი აბესაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი იქნება

საპარლამენტო უმცირესობის კვოტით პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი ირაკლი აბესაძე იქენება. შესაბამისი განცხადება პარლამენტის  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირეს.

ნდობის ჯგუფი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება.

ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. ეს ნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრის ასარჩევად პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს:  ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას;  ბ) პირის შემოწმების პროცედურას;   გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას;   დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;   ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ  სპეციალურ პროგრამებსა და საიდუმლო საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი