ახალი ამბები

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ქმედითი არ არის – პოლიტიკის დოკუმენტი

15 დეკემბერი, 2016 • 4042
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ქმედითი არ არის – პოლიტიკის დოკუმენტი

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არ აღმოჩნდა ქმედითი და ვერ უზრუნველყოფს დიალოგს სოციალურ პარტნიორებს შორის, – წერია პოლიტიკის დოკუმენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ჩამოყალიბდა, სოციალურ პარტნიორებს შორის ამ საკონსულტაციო ორგანოს მეშვეობით დიალოგი არ მიმდინარეობს. სამმხრივი კომისიის მიერ ჩატარებული ორი სხდომა (ერთი გაცნობითი, ხოლო მეორე — ფართო დისკუსია), დოკუმენტის შეფასებით, წარმოადგენს ნელ და არასაკმარის მიდგომას შრომის პოლიტიკის რეფორმის მიმართ.

“ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ცვლილებები შეიტანა შრომის კოდექსში, რითაც უზრუნველყო სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის საფუძველი. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს. ამგვარი პოზიტიური დასაწყისის მიუხედავად, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არ აღმოჩნდა ქმედითი. კომისიის დებულების თანახმად, სამმხრივი კომისია უნდა შეიკრიბოს ყოველკვარტალურად. თუმცა შექმნის დღიდან, ანუ 2013 წლიდან, კომისია მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა. რადგან საქართველოს პარლამენტმა სოციალური პარტნიორებისგან დასტური უნდა მიიღოს კანონმდებლობაში ცვლილებების ბოლომდე მისაყვანად, კომისიის სუსტი მუშაობა აფერხებს შრომის პოლიტიკის ჩამოყალიბებას”, – წერენ ავტორები.

“შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმებით გარკვეული დირექტივების შესრულება რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა დაეწყო სახელმწიფოს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რაღაც საკითხებზე საერთოდ არც არის მომზადება დაწყებული”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანაიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ელბაქიძე. შრომითი უფლებების მიმართულებით ანგარიში სწორედ ამ ორგანიზაციამ მოამზადა. ნინო ელბაქიძე, სამმხრივ კომისიასთან ერთად, გამოყოფს შრომის ინსპექტირების საკითხს.

როგორც ნინო ელბაქიძე გვიხსნის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებობს დეპარტამენტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს საკმარისი არ არის. “შრომის ინსპექტირების ის ეფექტური მექანიზმი, რომლის შექმნაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ევალება, რეალურად არ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს შრომის ინსპექტირების მექანიზმი პრაქტიკულად მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მის მიერ მომზადებული დასკვნები არ არის შესასრულებლად სავალდებულო კონკრეტული მეწარმისთვის”, – ამბობს ნინო ელბაქიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე” – “ვის როგორ წარმოუდგენია შრომის ინსპექცია საქართველოში

ამას გარდა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს მედიატორთა რეესტრი, – კოლექტიური შრომითი დავების გადაჭრის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მედიატორები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმართვის სათანადო ცოდნა და გამოცდილება. “2016 წლის სექტემბრისთვის რეესტრი არ იყო დამტკიცებული და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არც რაიმე ოფიციალური განმარტება მოუცია”, – ვიგებთ დოკუმენტიდან.

პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” მოამზადა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, აფასებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას. დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა სფეროებს – ბავშვთა უფლებებს, შრომით უფლებებს, თანასწორობას, გარემოს დაცვას, კონფლიქტებს, ენერგეტიკასა და სხვა საკითხებს. დოკუმენტის პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები და ჩაერთოს სოციალურ დიალოგში იმისათვის, რომ კოლექტიური შრომითი დავების მოგვარება ხდებოდეს მედიაციის დახმარებით და სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.

“მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ვინაიდან ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, ის უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. და თუმცა მთავრობის მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, საკითხის კომპლექსურობა მოითხოვს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებს შორის. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ავტორები დამატებით ასეთ რეკომენდაციებს სთავაზობენ ხელისუფლებასა და მთავრობას:

  • საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობაში გადაუდებელ შრომით საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიების ხელშეწყობით გზით;
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობა უფრო დეტალური პროცედურებით უნდა რეგულირდებოდეს. თითოეულ წევრ სამინისტროს უნდა მოეთხოვებოდეს ყოველკვარტალურ შეხვედრებზე ძირითად შრომით საკითხებთან დაკავშირებული საკუთარი აზრის წერილობით წარდგენა. დებულებები უნდა დაზუსტდეს, ხოლო საკონსულტაციო ორგანოს მუშაობის სტრუქტურა უფრო პროგნოზირებადი გახდეს;
  • დისკუსიებში მუდამ უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ უნდა ჰქონდეთ სათათბირო ხმის უფლება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის მოსამზადებელ დისკუსიებში;
  • 2017-2019 წლების ასოცირების დღის წესრიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალურ პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი საქმიანობის საკითხი და საქართველოს მთავრობის ვალდებულება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სოციალურ დისკუსიებში;
  • ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებელ 2017 წლის სამოქმედო გეგმაში შეტანილი უნდა იქნეს იმ საკითხების დეტალური ჩამონათვალი, რომლებიც უნდა განიხილოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, და ამ საკითხების განხორციელებისთვის აუცილებელი ქმედებები;

მასალების გადაბეჭდვის წესი