ახალი ამბები

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს მხარი 485 ხმით დაუჭირა

15 დეკემბერი, 2016 • 2158
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს მხარი 485 ხმით დაუჭირა

ევროპარლამენტმა 485 ხმით მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს. კენჭისყრა დღეს, 15 დეკემბერს შედგა.

განახლებული მექანიზმის ავტორთა განცხადებით, ახალი შეჩერების მექანიზმი უფრო სწრაფად მოახერხებს თავდაცვითი რისკების შეფასებას და გაცილებით ეფექტური იქნება.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება და ქვეყნებს შენგენის ზონაში გადაადგილებისათვის ვიზა იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ:

  • საგრძნოლად გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც უარი ეთქვათ საზღვრის გადაკვეთაზე,
  • გაიზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა,
  • შემცირდება მიგრანტების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების მაჩვენებელი
  • ან თუ გაჩნდება უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნიდან მომდინარე საფრთხე

ევროპარლამენტი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად დეკემბრის პირველ კვირამდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ისინი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომელსაც დღეს უკვე კენჭი უყარეს.

ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭს 2017 წლის 2 თებერვალს უყრის. თავდაპირველად, სესია იანვარში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ევროპარლამენტმა კენჭისყრა თებერვალში ჩანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი