ბავშვებზე ზრუნვის ჩრდილოვანი სისტემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში

საქართველო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, სისტემურად იზრუნოს ბავშვებზე, სრულფასოვნად არ აანალიზებს ბავშვთა საჭიროებებსა და პრობლემებს, არ ხდება ღონისძიებების კოორდინირებული დაგეგმვა და შესრულების კონტროლი, – ამბობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც სხვადასხსვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ასეულობით ბავშვი არც ერთი სახელმწიფო უწყების მონაცემებში არ ჩანს, თითქოს ისინი არ არსებობდნენ, თუმცა ეს ბავშვები საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად უმკლავდებიან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობას. ისინი არსად არიან ოფიციალურად დარეგისტრირებული, მათ უფლებებს ვერც მშობლები იცავენ, იზრდებიან გარემოში, რომელიც არ კონტროლდება არც ბავშვზე ზრუნვისა და მეურვეობის და არც სამართალდამცველი ორგანოების მიერ.

2016 წელს ბავშვთა გაყიდვის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომსხენებელმა მო დე ბოერ-ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში აღნიშნა:

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და დაიხურა სახელმწიფოს მმართველობაში არსებული ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების უმრავლესობა, კვლავ ფუნქციონირებს დიდი ზომის ინსტიტუციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც მესამე პირების მიერ არის შექმნილი”.

ასეთი “მესამე პირები” არის ადგილობრივი თვითმმართველობები, რელიგიური ორგანიზაციები და კერძო პირები. როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავდა, მესამე პირების მიერ შექმნილი დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციები არ მოხვდა დეინსტიტუციონალიზაციის გეგმაში და პარალელურ რეჟიმში აგრძელებს არსებობას. “უფრო მეტიც, ამ ინსტიტუციებზე არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო რეგულაციები და სტანდარტები, მათ არ აკონტროლებს და არ ამოწმებს სახელმწიფო”, – წერდა იგი.

რელიგიურ დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობას ავლენს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წელს გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიში, სადაც ასახულია ბავშვთა უფლებების დარღვევის პრაქტიკა: ბავშვის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების შეზღუდვა, ოჯახთან ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლების შეზღუდვა, თამაშისა და თავისუფალი დროის გატარების უფლების შეზღუდვა.

ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“მაგალითისთვის, ბავშვებს ეკრძალებათ თამაში იმიტომ, რომ ეს ხმაურს გამოიწვევს. ბავშვები ისჯებიან, მაგალითად, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო მეტანიებით, ისჯებიან სხვადასხვა გადაცდომის გამო მუხლებზე ხოხვით სხვების თანდასწრებით. ეს და სხვა მრავალი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ფიქსირდება”, – გვიამბობს ანა აბაშიძე, ორგანიზაციიდან “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის”, რომელიც აღნიშნული პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორია.

“ბავშვები არის ის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ყველაზე ნაკლებად სარგებლობენ, ამ შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულებით მოტანილი სიკეთეებით, იმიტომ, რომ ზოგადად ბავშვთა უფლებები არ არის პრიორიტეტი საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები – ბავშვები, რომლებიც დიდი ზომის ინსტიტუციებში – ინტერნატებში ცხოვრობენ, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არ იცის მარტივი მიზეზის გამო – სახელმწიფო მათ საერთოდ უჩინარ ბავშვებად აქცევს. არანაირი რეგისტრაცია არ ხდება ამ ბავშვთა სახლების, არავინ იცის, როგორ ცხოვრობენ ბავშვები იქ. ჩვენ სახალხო დამცველისგან ვიცით, რომ მინიმუმ ძალადობის მსხვერპლები არიან”, – თქვა ანა აბაშიძემ 15 დეკემბერს დოკუმენტის პრეზენტაციაზე.

2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის, “პარტნიორობა ბავშვებისათვის”, ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო რეგულირების მიღმა არსებული ბავშვთა 36 დიდი ზომის სადღეღამისო დაწესებულება, სადაც 1146 ბავშვი ცხოვრობს. მათგან 23 არის ისლამური პანსიონი (ე.წ “მედრესე”), სადაც 470 ბავშვი სწავლობს, 4 დაწესებულება ექვემდებარება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და აქ 229 ბავშვი სწავლობს, ხოლოდ 9 დაწესებულება ფუნქციონირებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო პირების მმართველობის ქვეშ, სადაც 447 ბავშვი სწავლობს.

ანა აბაშიძის თქმით, სახელმწიფო თვალს ხუჭავს იმ ჩრდილოვან ბავშვთა სახლებზე, სადაც დღეის მდგომარეობით ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. “არ არის მარტივი საქმე ამ პრობლემაზე მუშაობა, თუმცა, ჯერ კიდევ, მინიმუმ 3 წლის წინ ვაფიქსირებდით, რომ ეს ჩრდილოვანი ბავშვთა სახლები უნდა გაუქმდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობას არ წარმოუდგენია გეგმა არც წინა წლებში [პრობლემის მოსაგვარებლად], არც ახლა არ არსებობს მკაფიო ხედვა, რაც სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს”, – ამბობს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე ასევე ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს, ბავშვთა სახლებში ბავშვების ჩაბარება კი არის ბავშვთა სიღარიბის ერთ-ერთი შედეგი. “შესაბამისად, თუ ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებთან დაკავშირებით სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, მაშინ ლოგიკურია, რომ უნდა ვიზრუნოთ ბავშვთა სახლების დახურვაზე”, – ამბობს ანა აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისათვის” (P4C) ამბობს, აღნიშნული პანსიონები 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება; ხდება ბავშვების ადრეულ ასაკში დაშორება ბიოლოგიურ მშობლებთან, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქოსოციალურ განვითარებაზე. P4C-ის ცნობითვე, პანსიონები ძირითადად ეთნიკურად ქართველი აჭარლების მიერაა დაარსებული და მათი ძირითადი მიზანი განათლებული მუსლიმი საზოგადოების აღზრდაა. თუმცა ანა აბაშიძის თქმით, ასეთი დაწესებულებების ხელმძღვანელები მიუთითებენ, რომ ბავშვებს რეზიდენტული (24-საათიან) მომსახურებით მხოლოდ იმიტომ უწევთ სარგებლობა, რომ მაღალმთიან რეგიონებში განათლების სისტემა ხელმისაწვდომი არ არის.

“პანსიონების ხელმძღვანელები არ ამბობენ, რომ რელიგიური იდენტობის გამოხატვისთვის აუცილებელია ღამით რჩებოდეს ბავშვი დაწესებულებაში. პრობლემა არსებობს, როდესაც 24-საათიანი მომსახურებაა და არც ერთ შემთხვევაში არ უარვყოფთ იმას, რომ ბავშვმა, მისი სურვილის შესაბამისად, ოჯახების, მშობლების კულტურის პატივისცემის მიზნით, შესაძლოა მიიღოს განსხვავებული რელიგიური სწავლება, თუმცა არა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ასეთ სწავლებისკენ მათ უბიძგებს სიღარიბე, განათლებაზე ხელმიუწვდომელობა და თუკი ეს მათ სურვილს ეწინააღმდეგება. პანსიონატებში მრავალი ბავშვი კი ამბობს, რომ მათ არ სურთ იქ ყოფნა. ეს არის მათი უფლებების დარღვევა”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ანა აბაშიძე.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლიც ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი არასოდეს დაშორდეს თავის მშობლებს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ გამონაკლისი შემთხცვევისა, როდესაც ამგვარი დაშორება წარმოადგენს ბავშვის ინტერესის დაცვით განპირობებულ აუცილებლობას. თუმცა ამ გამონაკლისი დაშორების დროსაც დაშორების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მართლმსაჯულების შესაბამისმა ორგანომ, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით.

პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” მოამზადა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, აფასებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას. დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა სფეროებს – ბავშვთა უფლებებს, შრომით უფლებებს, თანასწორობას, გარემოს დაცვას, კონფლიქტებს, ენერგეტიკასა და სხვა საკითხებს. ბავშვთა უფლებების შესახებ პუბლიკაციის ნაწილზე ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” იმუშავა. ანგარიშის პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. 15.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ანგარიშის პრეზენტაციაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. 15.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პუბლიკაციის აღნიშნული ნაწილი ცხადყოფს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვა – ჯერ კიდევ არ ხორციელდება სისტემურად. ფრაგმენტული ღონისძიებები, რომლებსაც ესა თუ ის სამინისტრო პერიოდულად გეგმავს, ხშირად სისრულეში არ მოდის, ვინაიდან ამ ღონისძიებებს წინ არ უძღვის ამ ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების სრულფასოვანი ანალიზი, ღონისძიებების კოორდინირებული დაგეგმვა და შესრულების კონტროლი მონიტორინგის მეშვეობით.

სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ერთჯერადი მონიტორინგი კი ცალსახად ვერ უზრუნველყოფს საკითხის მწვავედ დაყენებას, — გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე რჩება. ამის გამო დოკუმენტი სახელმწიფოს რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • საკანონმდებლო რეგულაციებით სრულიად აიკრძალოს ბავშვების მოთავსება რეზიდენტულ დაწესებულებებში სიღარიბის, ჯანმრთელობის სტატუსის, საგანმანათლებლო საჭიროებებისა თუ სხვა ამასთან დაკავშირებული მიზეზით. რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვთა განთავსება უნდა განიხილებოდეს როგორც უკანასკნელი ზომა, რომელიც მხოლოდ დროებით იქნება გამოყენებული, და პირველივე შესაძლებელ შემთხვევაში მოხდეს ბავშვის დაბრუნება ოჯახურ გარემოში;
  • არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობა მიეცეს, შეუფერხებლად მოახდინოს ბავშვთა ულბებების მონიტორინგი და დარღვევათა გამოვლენა ნებისმიერ დაწესებულებაში
  • სახალხო დამცველმა მინიმუმ ყოველწლიურად განახორციელოს “ჩრდილოვანი ბავშვების” მონიტორინგი და გამოვლენილ დარღვევებზე უწყებათა რეაგირებაზე ზედამხედველობა
  • სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირების შესახებ კანონის ფარგლებში გამოირიცხოს იმგვარი გამონაკლისები, რომლებიც დასაშვებად აცხადებს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების ფუნქციონირებას ამავე კანონით გათვალისწიებული ლიცენზირების პირობების დაცვის გარეშე
  • ევროკავშირის რეკომენდაციით მოხდეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა მიმართ ევროკავშირის იმ მიდგომებისა და პოლიტიკის განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა ინსტიტუციების სრულ გაუქმებას და მშობელთა ზრუნვას მოკლებული ბავშვების ოჯახებში ან საოჯახო ტიპის ზრუნვაში განთავსებას
  • აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული სტრატეგია, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვების რეზიდენტულ დაწესებულებებში მოხვედრის პრევენციას, ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას, ინსტიტუცოინალიზებული ბავშვების სრულ დეინსტიტუციონალიზაციას ბიოლოგიურ ოჯახებში ან ალტერნატიული ზრუნვის სხვა ოჯახურ სერვისებში ბავშვების ტრავმატიზაციის გარეშე
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა მათ ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს არეალში – სკოლების გახსნა/მხარდაჭერისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გზით.
  • სახელმწიფო უწყებებმა (სოციალური მომსახურების სააგენტომ და შინაგან საქმეთა სამინსიტრომ) უზრუნველყონ რეზიდენტულ დაწესებულებებში მყოფი ბავშვების უფლების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.