ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

15 დეკემბერი, 2016 • 2077
პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 96 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება:

“პირველი არის ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. ძირითადი თემატიკა იქნება ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება. მეორე არის პარლამენტის ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი. მესამე, პრეზიდენტი, მთავრობა და თავდაცვის საკითხები, ხოლო მეოთხე – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფი. ”

ირაკლი კობახიძის თქმით, კომისიის მუშაობის ორი ფორმაა გათვალისწინებული:

“ესაა კომისიის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომა. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გადაწყვეტილებაც სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება,” – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ დადგენილების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება პირველი სხდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი