ახალი ამბები

პრეზიდენტი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

15 დეკემბერი, 2016 • 2752
პრეზიდენტი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

დღეს, 15 დეკემებრს, “თბილისის სტრატეგიული დისკუსიის” გახსნის ცერემონიაზე გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა.

დისკუსია ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატოს წევრობაა, მაგრამ სანამ ეს მიზანი განხორციელდება, საქართველო სტრატეგიულად მიმართულია იმ “შესაძლებლობათა ფანჯრის” ძიებისკენ, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, გავწევრიანდეს ნატოში.

მარგველაშვილის განცხადებით, “სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო” რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია, რაც ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და კავკასიაში თანამშრომლობის განვითარება.

“ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად ვისწრაფით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ – ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული და ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის პროექტების განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ქვეყნებისათვის.”

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის ის ფაქტი, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

“2016 წელი აღსავსე იყო გამოწვევებით. უკვე ცხადია, რომ არც 2017 წელი იქნება მარტივი. ნათელია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნებს შორის კონკურენცია და წინააღმდეგობა. არსებული დაპირისპირებისა და გავლენის სფეროების პოლიტიკის ფონზე იცვლება საფრთხეების შინაარსი და ხასიათი.”

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოსა და ალიანსის წინააღმდეგ.

“ეს არის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთიანობის შერყევასა და დაკნინებას. ეს კამპანია, ერთი მხრივ, ცდილობს საქართველოსა და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიების დისკრეტიდაციას დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობაში ცდილობს დათესოს მოსაზრება, რომ დასავლური არჩევანი და დასავლურ ალიანსებში ინტეგრაცია წარმოადგენს მიუღწეველ ოცნებას და ნეგატიურად მოქმედებს უსაფრთხოების გარემოზე.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

“თბილისის სტრატეგიულ დისკუსიაში” თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები – ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “თბილისის სტრატეგიული დისკუსიის” მიზანია, უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ინკლუზიური ფორმატი, რომელზეც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი