ახალი ამბები

პრემიერის თქმით, ლარი გაუფასურდა, თუმცა საქართველოს განვითარებისთვის კარგი პირობები აქვს

15 დეკემბერი, 2016 • 1528
პრემიერის თქმით, ლარი გაუფასურდა, თუმცა საქართველოს განვითარებისთვის კარგი პირობები აქვს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ლარი.

“თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%–ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%–ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%–ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%–ს ზევით). 2012 წელზე იყო საუბარი, რომლის შემდეგ ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60–65%–მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის ნაბიჯები რეგიონში ინვესტიციების მოზიდვისკენაა მიმართული:

“ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლო ქვეყნებშია. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია – საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ მეტი სავალუტო საშუალებების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის სწორედ აქეთკენ მიმართული.” – ამბობს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფინანსური რესურსი სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოს, მაგრამ მთავრობა “დაბალანსებულ მიდგომას” არჩევს.

“ჩვენი ბიუჯეტი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები. ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება; ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომელიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული, უპირველეს ყოვლისა- ტურიზმი. ტურისტულ ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი