ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე

14 დეკემბერი, 2016 • 2894
პაატა ბურჭულაძე: მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე

პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი გასაკეთებელი გააკეთა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი ამბობს, რომ მხოლოდ ახალ თაობას და სუფთა ხელებს შეუძლიათ დღეს ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა.

“მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. იმდენი გაჭირვებული ადამიანი ვნახე საქართველოში, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, არ შემოვსულიყავი და არ მეცადა პოლიტიკაში ყოფნა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. ამიტომაც მე ეს ნაბიჯი გადავდგი და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ მარტო ახალ თაობას, ახალ აზროვნებას, სუფთა ხელებს და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დღეს შეცვლა ამ სიტუაციის. არც ერთი ბრალდება, რაც კი შავმა პიარმა მე წამიყენა, არ გამართლდა, ყველაფერი ყოფილა ტყუილი. თურმე ეს ყველაფერი ყოფილა საჭირო იმ პერიოდისთვის, როცა არის არჩევნები. გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ… პოლიტიკაში მე არ დავბრუნდები,” – განუცხადა “რუსთავი 2″–ს პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. პარტიის თავმჯდომარედ 24 წლის ისტორიკოსი ნიკა მაჭუტაძე აირჩიეს. თავად პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება – პირველ კონცერტს მსოფლიო ბანი მოსკოვში გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი