ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დეპუტატს, რომელმაც ჟურნალისტს ხელი გაარტყა, სომხურმა მედიამ ბოიკოტი გამოუცხადა

14 დეკემბერი, 2016 • 25080
დეპუტატს, რომელმაც ჟურნალისტს ხელი გაარტყა, სომხურმა მედიამ ბოიკოტი გამოუცხადა

ბრიფინგზე, რომელიც სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატმა, რუბიკ აკოპიანმა გამართა, ჟურნალისტები არ დაესწრნენ. ასე გამოხატა მედიამ პროტესტი იმ პარლამენტარის მიმართ, რომელმაც 2016 წლის 7 დეკემბერს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გაზეთ “გრაპარაკის” ჟურნალისტ ვაგე მაკარიანს სახეში ხელი გაარტყა.

ოფიციალური ინფორმაციით, 13 დეკემბრის ბრიფინგზე დეპუტატს აღნიშნული ინციდენტის დეტალების შესახებ უნდა ესაუბრა. კავკაზსკი უზელის ცნობით, მედიის 20- წუთიანი ლოდინის შემდეგ, დეპუტატმა ბრიფინგების კაბინეტი დატოვა.

იგი ჟურნალისტის ცემის ფაქტს არ უარყოფს და ამბობს:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა მედიამ უარყოფითი შეფასება მისცა პარლამენტს ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა თავად ჟურნალისტი არ ყოფილა ჟურნალისტი, ხულიგანია, რომლის ქმედებასაც სრულიად ადეკვატურად ვუპასუხე. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე. მედიასაშუალებების რედაქტორების შეკვეთის შემსრულებებს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ”.

ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრიფინგის შემდეგ დეპუტატმა გარეთ გაიყვანა და სახეში ხელი გაარტყა. ბრიფინგზე კი ჟურნალისტმა დეპუტატს ერთი და იგივე კითხვა დაუსვა, რომელზე პასუხიც დეპუტატს არ სურდა.

ცხრა მედიაორგანიზაცია სომხეთში ეთიკის საკითხებში საპარლამენტო კომისიას მოუწოდებენ, განიხილონ დეპუტატ რუბიკ აკოპიანის ქმედება.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დეპუტატები, მაღალჩნოსნები, უსიამოვნო კითხვების შემდეგ კონტროლს კარგავენ და თავს თანამდებობისთვის შეუსაბამო ქმედებების უფლებას აძლევენ”,- ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი