ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციაზე სტატისტიკის წარმოება აუცილებელია

14 დეკემბერი, 2016 • 4058
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციაზე სტატისტიკის წარმოება აუცილებელია

9 დეკემბერს ომბუდსმენმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ზოგადი წინადადებით მიმართა  გენდერული ნიშნით შევიწროების, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სხვა საქმეების შესახებ სტატისტიკის წარმოების აუცილებლობის თაობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესით თუ სხვა ნიშნით დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა დამოუკიდებელ მკვლევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ შეისწავლონ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკა:

“მათ კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქვეყანაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანოებისგან ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.”

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებები ფორმულირდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს საქმესთან დაკავშირებულ პირთა სქესი, ასევე, სხვა საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევებში, იკვეთებოდეს პირთა რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული თუ სხვა სახის კუთვნილება, რომელიც მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის გამოსავლენად.

ამის გარდა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ინფორმაცია დაამუშაოს დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნისა და საქმის განხილვის შედეგად დამდგარი შედეგის მითითებით; სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოცემული ზოგადი წინადადებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს იურისდიქციაში არსებულ სამივე ინსტანციის სასამართლოებზე გავრცელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი