ახალი ამბები

ავტომობილების გაძვირების გარემოსდაცვითი ეფექტი

14 დეკემბერი, 2016 • 4299
ავტომობილების გაძვირების გარემოსდაცვითი ეფექტი

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი. შეამცირებს თუ არა ეს ინიციატივა გარემოსთვის ავტომობილების გამონაბოლქვითა და ნარჩენებით მიყენებულ ზიანს?

დღეს, 14 დეკემებერს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ერთიდან ექვს წლამდე ავტომობილის აქციზის საფასური უფრო ძვირია, ვიდრე ექვსი და მეტი წლის. განმარტებითი ბარათის თანახმად, შემუშავებულია ავტომობილზე აქციზის განაკვეთები, თანაბარი საგადასახადო ტვირთის პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი 6 პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსთვის მავნე ავტომობილებისთვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს.

ავტომობილების გამონაბოლქვი – ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი ქეთევან კორძახია ამბობს, რომ რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო მეტი გამონაბოლქვი აქვს:

“მით უფრო ტოქსიკურია გამონაბოლქვი და, შესაბამისად, ჰაერიც უფრო დაბინძურებულია. დღესდღეობით ურბანული გარემო, ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ავტოტრანსპორტით ბინძურდება. ამიტომაა ასეთი მდგომარეობა. რაც უფრო ახალგაზრდაა ავტოპარკი, მით უფრო ნაკლები ზემოქმედებაა ჰაერის ხარისხზე.”

დაძველებულია ავტოპარკი და განახლება უნდა მოხდეს. ეს მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხებთან  არ არის კავშირში, არამედ ადამიანების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საკითხებთანაა დაკავშირებული,” – აღნიშნავს კახა ბახტაძე, გარემოსდაცვითი ექსპერტი.

მისივე აზრით, ამავდროულად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ტრანსპორტზე ფინანსურად არიან დამოკიდებული, ახალ ავტომობილებზე ხელი მიუწვდებოდეთ.

“მწვანე ალტერნატივის” წევრი ირაკლი მაჭარაშვილი კი მიიჩნევს, რომ  ახალი ავტომობილი ნაკლებად უნდა  იბეგრებოდეს, ვიდრე შვიდი ან მეტი წლის ავტომობილი. მისი აზრით,  ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ვტომობილის შემოყვანის სტიმული არავის აქვს.

CENN-ის გარემოსდაცვითი  პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ფიქრობს, რომ  ახალ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი უნდა გაიაფდეს და მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ახალი ავტომობილების შემოყვანას:

“არ უნდა გადავაადგილდებოდეთ ისეთი ავტომობილით, რომლის უკან გამონაბოლქვის გამო აღაფერი ჩანს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ავტომობილით საფრთხეში ვაყენებთ ყველა ადამიანის სიცოცხლეს,” – ამბობს გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ 2018 წელს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება გარემოზე.

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა ხუციშვილის თქმით, ეს ინიციატივა ცალსახად მიმართულია იმისკენ, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს:

“ნუ დაგვავიწყდება, რომ სასწორზე დგას ჩვენი  და ჩვენი შვილების სიცოცხლე. ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, სასუნთქი გზების. ეს არის საგანგაშო. “

ხელისუფლების ლოგიკის არ სჯერა  “ნაციონალურ მოძრაობას”. სერგი კაპანაძის თქმით, გარემოს დაცვაზე განმარტება ლამაზად არის შეფუთული:

“რეალურად, ინიციატივის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობიდან ფული ამოიღონ. ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადავდივართ, განაწილებული მოგების გადასახადი უქმდება და ამან საბიუჯეტო თანხის დანაკარგი გამოიწვია. ამ ინიციატივას უკუ შედეგი ექნება. ლოგიკა, რომ ავტოპარკი გაჯანსაღდება და უკეთესი ავტომობილები შემოვა, არასწორია. მოსახლეობის 90% დაბალი ხარისხის ავტომობილებს ყიდულობს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ უბრალოდ მეტი ფული არ აქვს. აწი ის შეეცდება, რომ მაინც შემოიყვანოს დაბალფასიანი ავტომობილი, უბრალოდ, მეტი ფულის გადახდა მოუწევს“.

საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკა

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას არ უწყობს ხელს:

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი  გაუმართავია, არასაკმარისია და უხარისხო. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, თავად იზრუნოს გადაადგილებაზე და მისთვის ხელმისაწვდომ მანქანას ყიდულობს. თანდათან უფრო იტვირთება თბილისიც და სხვა ქალაქებიც. ამას ისიც ემატება, რომ პრაქტიკულად დაუცველია ქვეითთა უფლებები.”

გამონაბოლქვის გარდა,  ძველი ავტომობილები ნიშნავს სახიფათო ნარჩენებს, რასაც საქართველოში არ გადაამუშავებენ:

“ძველი ავტომობილები ნიშნავს ბევრ გამონაბოლქვს, უფრო მეტ სახიფათო ნარჩენს, რომელიც ქვეყანაში გროვდება. სახიფათო ნარჩენებს მათ შორის განეკუთვნება ძველი აკუმლატორები და ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს. ასევე მყარი ნარჩენები, მაგალითად, ძველი საბურავები. არ არსებობს მყარი ნარჩენების შეგროვების, გადამუშავების და გამოყენების ტენდეცია,” – ამბობს  მაჭარაშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება კომპლექსურად არ აღიქვამს პრობლემას.

მისივე სიტყებით,   თბილისში, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლით, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებით, საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესებით, პარკინგის ადგილების შეზღუდვით და პარკირებასთან დაკავშირებული კანონის აღსრულებით გარემო გაჯანსაღდება.

იმავე აზრზეა კახა ბახტაძე. მისი თქმით, ფრაგმენტულობა დიდი პრობლემაა:

“ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს კომპლექსური ხედვა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს ეს ხედვა, შეაფასოს, რამდენად ეფექტური იქნება და მერე განახორციელოს. სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ამოვარდნილი ინიციატივები, რომლის მდგრადობასაც მოსახლეობა ვერ გებულობს. ასეთი მიდგომა განვითარებას აფერხებს ქვეყანაში, რადგან მდგრადობა არ არსებობს. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,” – აღნიშნავს სერგი კაპანაძე და აცხადებს, რომ ავტომობილებზე მოხმარება შემცირდება, ხოლო ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება.

სერგი კაპანაძის აზრით, ინიციატივა გარემოს დაცვის პაკეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო და არა ბიუჯეტის პროექტის:

“პაკეტი  ბევრ თემას უნდა მოიცავდეს, მათ შორის კონკრეტულ რეგულაციებს, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მე ვეთანხმები თუ არა. ასეთი პაკეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო და არა ფინანსური პაკეტის. ეს არგუმენტი გასამართლებლად აქვთ, რათა მოსახლეობა მოატყუონ. ამ ინიციატივას გარემოსთან არანაირი კავშირი აქვს. გარემოს ნამდვილად სჭირდება გაჯანსაღება, მაგრამ ასეთი ნაბიჯებით არა.”

პრობლემას რომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება, ამას ზაზა ხუციშვილიც იზიარებს, თუმცა მხოლოდ ცენტრზე, თბილისზე საუბრობს:

“ის გეგმა, რაც თბილისს 60 წელი არ ჰქონია, გაზაფხულზე დაიდება, ვგულისხმობ გენერალურ გეგმას. დასაქმების ის მაჩვენებელი, რაც მოსახლეობას დავპირდით, იმის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომ რაიონებიდან ჩამოსული ტაქსის მძღოლები გამოთავისუფლდნენ და სხვაგან დასაქმდნენ. თბილისი გადაჭედილია. პირდაპირ გეტყვით, რომ საგარეჯოდან გორის ჩათვლით მძღოლები ჩამოდიან, ორი სამი დღე თბილისში მუშაობენ [ტაქსაობენ] და მიდიან უკან. როცა გაჭირვებაა, ცალსახად ხელით გადაუხაზო შემოსავალი, ძალიან მძიმეა, მაგრამ მეორე მხრივ, გადაივსო ეს თბილისი. ეს რეფორმები მძიმეა, მაგრამ უნდა გატარდეს.”

ხუციშვილის განმარტებით, გენერალური გეგმა ქალაქის განაშენიენებასთან ერთად გულისხმობს ტრანსპორტის განვითარებას,  მიწისზედა და მიწისქვეშა სადგომების აშენებას. რაც შეეხება სავალდებულო ტექდათვალიერებას, მისი თქმით, მექანიზმის ამოქმედებამდე ქვეყნის მომზადება იყო საჭირო.

“2018 წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერება გახდება სავალდებულო. ამ გამოწვევებს ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ. ეს არის სწორი გზა იმიტომ, რომ ავტოპარკის განახლება უნდა მოხდეს. კანონის გამკაცრება, თანხების მატება საზოგადოებისთვის მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, საერთოდ, რეფორმები მძიმეა“.

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.  ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.

ამავე თემაზე: სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ტექდათავლიერების ამოქმედებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი