ახალი ამბები

ალეპოში ბრძოლა განახლდა – მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ არ მომხდარა

14 დეკემბერი, 2016 • 6146
ალეპოში ბრძოლა განახლდა – მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ არ მომხდარა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, 14 დეკემბერს ალეპოს დაბომბვა განახლდა. პარალელურად, იგვიანებს ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც.

როგორც საერთაშორისო გამოცემები წერდნენ, დაპირისპირებული მხარეები 13 დეკემბერს, თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით, შეთანხმდნენ, რომ ალეპოში დარჩენილ მოსახლეობას (მშვიდობიან მოქალაქეებსა და აჯანყებულთა იმ ნაწილს, ვინც მსუბუქად იყო შეიარაღებული) ქალაქიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას მისცემდნენ. მთავრობამ ავტობუსებიც მოამზადა მოსახლეობის ევაკუაციისათვის, თუმცა პროცესმა დაიგვიანა.

გავლენიანი მედიასაშუალებები ვერ დაუკავშირდნენ ასადის მხარეს მებრძოლი სამხედრო ძალების წარმომადგენლებს იმის გასარკვევად, თუ რატომ შეყოვნდა მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი. თუმცა “გარდიანი” წერს, სავარაუდოდ, ევაკუაციის დაგვიანების მიზეზი ის გახდა, რომ აჯანყებულებთან მოლაპარაკება რუსეთმა და თურქეთმა ირანისა და სირიის ჩარევის გარეშე გამართეს.

როგორც “როიტერსი” წერს, რუსეთი აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ძალები აჯანყებულთა თავდასხმებს პასუხობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აჯანყებულთა პროტესტი მომდევნო 2-3 დღეში დასრულდება.

სოციალურ ქსელებში ბოლო საათების განმავლობაში ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის ვიდეოები გავრცელდა, – მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების პარალელურად, ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. გაეროს ინფორმაციით, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებოდნენ და ადგილზე ხოცავდნენ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი გაერომ “კაცობრიობის კრიზისად” შეაფასა. სამთავრობო ძალების მოქმედებას “გენოციდს” უწოდებდნენ ალეპოელები და ამბობენ, რომ ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ ითხოვდნენ მხარდაჭერასა და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან. სწორედ ამ საფრთხეების შეახებ საუბრობენ გავრცელებულ ვიდეოებში.

ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურთ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს. ბოლო პერიოდში ასადის ჯარებმა, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, აჯანყებულები ქალაქის მცირე დასახლებებში მიიმწყვდიეს, ახლა კი, რუსეთის თქმითვე, ასადის ხელისუფლებამ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი