ფემიციდი და სახელმწიფოს ვალდებულებები – კვლევა ქალთა ძალადობაზე

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ინტიმურ-პარტნიორული ძალადობაა (IPV), რომელსაც ევროპაში ყოველწლიურად 3 500 ადამიანის სიკვდილი უკავშირდება, რაც დღეში 9 გარდაცვლილს ნიშნავს. 9-დან 7 ქალია. ფემიციდის მსხვერპლი ქალების 70% სიკვდილამდე იყო სისტემური ძალადობის მსხვერპლი.

ფემიციდის შემთხვევების 40%-ზე მეტი განქორწინების ან გაშორების შემდეგ ხდება, როდესაც კაცი კარგავს ქალს, რომელსაც საკუთრებად მიიჩნევს. მოკლული ქალების 75% ასევე განიცდიდა თვალთვალს მის მკვლელობამდე 12 თვის განმავლობაში.

ეს ინფორმაცია კავშირ “საფარის” მკვლევრების მიერ ფემიციდის შესახებ მომზადეულ სახელმძღვანელო ბროშურაში მოხვდა. მსგავს სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის საქართველო, რადგან ქვეყანაში გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის არც რისკფაქტორების კვლევა მიმდინარეობს და არც რომელიმე საქმე გამოძიებულა ამ მუხლით.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ როგორც პოლიცია, ისე სასამართლო, თავს არიდებს ფემიციდის პრობლემას, რისი მიზეზიც უმეტესად არასაკმარისი ცოდნა და მხვერპლისადმი უნდობლობა ხდება. ამას ასევე ხელს უწყობს გავრცელებული სტერეოტიპი, რომელიც მოძალადეს როგორც სიყვარულისაგან დაბრმავებულ ადამიანს, ისე წარმოგვიდგენს, ხოლო საზოგადოება არ ერევა წყვილის “პირად საქმეში”.

კვლევის ავტორთა თქმით, ფემიციდთან და სახელწმიფოს ვალდებულებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მომზადებული ანალიზი დაეხმარება საქართველოში მოქმედ შესაბამის სტრუქტურებს, სწორი რეაგირება მოახდინოს ქალზე ძალადობის ფაქტებზე, ხოლო ქალთა მკვლელობის შემთხვევაში დაადგინოს კავშირი მკვლელობასა და გენდერულ დისკრიმინაციას შორის.

“კვლევაში არის მოცემული, თუ რას უნდა აკეთებდეს სახელწმიფო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ფემიციდის შემთხვევები. ასევე კვლევა ეხება გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს და უნდა იყოს თუ არა ფემიციდი დამამძიმებელი გარემოება,“ – ამბობს კავშირის დირექტორი ბაია პატარაია.

კავშირ "საფარის" დირექტორი ბაია პატრაია და იურისტი მარი კურტანიძე 14.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

კავშირ “საფარის” დირექტორი ბაია პატრაია და იურისტი მარი კურტანიძე 14.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

“ქალთა ფონდის” ფინანსური დახმარებით შექმნილი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია “საფარის” ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ხელმისაწვდომი. კავშირი კვლევის დახმარებით შეხვედრებს გამართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროთან, ასევე, პრემიერმინისტრის მრჩეველთან გენდერულ საკითხებში.

ბაია პატარაიას თქმით, ბოლო წლებში საქართველოში საშუალოდ ფემიციდის 14 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ჯერ არც ერთი შემთხვევას მინიჭებია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია. სამართალდამცავებმა უმეტეს შემთხვევაში არ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ და ვერც რჩევისათვის მიმართავენ ვინმეს. ამიტომ “საფარის” წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შსს-ს, შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულზე იმუშავებს და ძალადობის პრევენციას მოახდენს. სპეციალური დანაყოფის შექმნის შესახებ მოთხოვნა არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა შსს პოზიციას ჯერაც არ აფიქსირებს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, იურისტი მარი კურტანიძე ამბობს, რომ გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა, როგორც წესი, არ არის შეთხვევითი და არ ხდება მოულოდნელად, არამედ არის გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის განგრძობითი ქმედების საბოლოო აქტი.

საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება ყველაზე რთულ სფეროს წარმოადგენს, რადგან უმეტესად მსხვერპლი პოლიციას არ მიმართავს. იმ შემთხვევებში კი, როდესაც ხდება პოლიციისთვის მიმართვა, პოლიცია საქმეებს გენდერულ ჭრილში არ სწავლობს.

ფემიციდად მოიაზრება ასევე ქალების მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა, რომელიც გამოწვეულია გენდერულად მოტივირებული ძალადობით. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ქალებში, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან, თვითმკვლელობის მაჩვენებელი 5-10-ჯერ უფრო დიდია. კურტანიძის თქმით, სწორედ ამიტომ თვითმკვლელობის საქმეების გამოძიების დროსაც უნდა მოხდეს გენდერული ასპექტების გათვალისწინება.

კვლევის თანახმად, ფემიციდის პრევენციისათვის აუცილებელია, სახელმწიფომ გენდერულად მოტივირებული დანაშაულების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი დაიწყოს. საკითხის შესწავლა და სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება რისკფაქტორების და საერთო მახასიათებლების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფემიციდთან დაკავშირებული რისკფაქტორები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: წყვილებს შორის ურთიერთობასთან, სოციუმთან, მხვერპლთან და მოძალადესთან დაკავშირებული ფაქტორები.

სახელწმიფო სერვისების არაფექტურობა რისკფაქტორად მიიჩნევა. მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების ხელმისაწვდომობა შემაკავებელი ორდერების ისტორიაზე, მოძალადის კრიმინალურ მონაცემებზე. რისკფაქტორებს შორის განიხილება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მოძალადისაგან განრიდებისათვის აუცილებელი რესურსების, თავშესაფრების ნაკლებობაც. ქალების უმეტესობა კი ძალადობას იმიტომ ითმენს, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და ეკონომიკურად ქმარზე/პარტნიორზე არიან დამოკიდებული.

“საფარი” კვლევაზე დაყრდნობით მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ შეიმუშაოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგია და შეისწავლოს ქალზე ძალადობა გენდერული პერსპექტივით:

  1. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნას სახელმძღვანელო გამოძიებისა და დევნისათვის, რომელიც დაეთმობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას.
  2. შემუშავდეს რისკის შეფასების სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს პოლიციას, მოახდინოს ძალადობის იდენტიფიცირება და განმეორებითი ქმედების თავიდან აცილება.
  3. დაიხვეწოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის მომიცვლის სისტემა, რათა გამარტივდეს ტერიტორიულ ერთეულს შორის ინფორმაციის გაცვლა, განსაკუთრებით მოძალადის კრიმინალურ წარსულზე.
  4. შეიქმნას გენდერულ დანაშაულებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბაზა, რისი საშუალებითაც შეგროვდება სტატისტიკური ინფორმაცია. ბაზის შექმნა ეფექტური სტრატეგიული დაგეგმვის წინაპირობა გახდება.

1991 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტი (CEDAW) იყო პირველი საერთაშორისო ორგანო, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობა დისკრიმინაციის ფორმად აღიარა და 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადანიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახლემწიფოს პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ. საქართველომ სტამბოლის კონვენციას ხელი 2014 წელს მოაწერა. რატიფიკაცია ჯერაც არ მომხდარა, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს რატიფიცირების პროცესის დაჩქარების მოთხოვნით.

კონვენციის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის ან სხვა სამართლებრივი სანქციის ამოქმედების საფუძველი გახდება: ოჯახში ძალადობა (ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიუური და ეკონომიური ძალადობა); დევნა (აკვიატებული დევნა/გადაკიდება); სექსუალური ძალადობა, სქესობრივი შევიწროება; იძულებითი ქორწინება; ქალის გენიტალიების დასახიჩრება, ასევე იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია.

ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება

ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი