ახალი ამბები

როგორ რეაგირებს მთავრობა გამოაშკარავებულ დანაშაულებზე

24 სექტემბერი, 2012 • 1132
როგორ რეაგირებს მთავრობა გამოაშკარავებულ დანაშაულებზე

ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ეფექტურ რეაგირებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  ხდება ასეთი რამ, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში, სადაც ამისთვის “ხალხს იჭერენ, როგორც ჩვენ დავიჭირეთ, ოღონდ ორი მინისტრი არსად არ გადამდგარა”.

ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია თანამდებობიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ახალაიამ ამის მიზეზად განაცხადა, რომ მან “მორალური პასუხისმგებლობა” იგრძნო.

ზუსტად იგივე – “მორალური პასუხისმგებლობა” დაასახელა 6 წლის წინ ბაჩო ახალაიას ძმამ – დათა ახალაიამ, როდესაც მან სანდრო გირგვლიანის პოლიციელების მიერ წამებით მკვლელობის შემდეგ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი უფლებები მოიხსნა:

“ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე – ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები,” – განაცხადა დათა ახალაიამ მას შემდეგ, რაც გირგვლიანის მკვლელობის საქმემ მედიაში გაჟონა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და რის შემდეგაც შსს-მ რამდენიმე თანამშრომელი დააკავა.

დათა ახალაია იმავე პოსტზე მალევე აღადგინეს და ის კუდის უფროსობიდან მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც შს მინისტრად მისი – ძმა ბაჩო ახალაია დაინიშნა. ეს 2012 წლის ივლისში მოხდა.

“ეს იწვევს გარკვეულ ოჯახურ ინტერესთა კონფლიქტს, ამიტომ მის ძმას მოუხდა თქვენი სტრუქტურის დატოვება, ეს გარდაუვალია, ჩვენ ოჯახურ ჯგუფებს ვერ შევქმნით სამინისტროებს შიგნით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც არის დაწყებული, საქართველოში ვეღარასდროს ვეღარ უნდა დაბრუნდეს კრიმინალი და კორუფცია”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შსს-ში ბაჩო ახალაიას დანიშვნასა და იქიდან დათა ახალაიას წასვლას.

რამდენიმე დღეში დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, სადაც ის დღემდე მუშაობს.

სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი – ლევან ბუხაიძე მკვლელობის დღეს, 2006 წლის 27 იანვარს “შარდენ–ბარში“ მივიდნენ, სადაც მისი მეგობარი გოგონა იმყოფებოდა სუფრასთან –  ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან, ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად.

 

ბარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გირგვლიანი და მისი მეგობარი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს–ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვნეს.

 

გამოძიების შედეგად, რომელიც ფაქტის გასაჯაროებისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შედეგად დაიწყო, სალაყაიას, ახალაიას, სანოძისა და დონაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ახალაიას მსგავსად, მაშინ სანოძესაც შეუჩერდა თანამდებობრივი უფლებამოსილება, თუმცა ის მალევე ისევ თავის ძველ პოსტზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე აღადგინეს. სანოძე ამ პოსტს ინარჩუნებდა 2011 წლის 3 მარტამდე. ამ დღეს კი ის თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს საავადმყოფოში. მაშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანოძეს საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუვარდა, რა დროსაც თავის არეში დაიჭრა.

 

რაც შეეხება დონაძეს, მან 2006 წლის 7 მარტს დატოვა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა, თუმცა უმუშევრად არ დარჩენილა. ის ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის მთავარ პროდიუსერად მუშაობს.

 

2006 წლის 6 მარტს მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა რამდენიმე პირის დაკავების შესახებ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე:

“გია ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები: ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დაკავებული არიან –  ამჟამად მიმდინარეობს მათი ამოცნობა და დაკითხვა. ჩვენ მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 2006 წლის 6 მარტს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა. თუმცა მოგვიანებით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სასჯელი 6–6 თვით შეუმცირდათ. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

 

პატიმრების წამების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 12 პირს წაუყენა ბრალდება, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები არიან. აქედან ერთზე – ვლადიმერ ბადუკაძეზე, რომელიც არის გავრცელებული ვიდეომასალის ავტორი, ძებნაა გამოცხადებული.

სასჯელაღსრულების სისტემის დაკავებულ მაღალჩინოსნებს პროკურატურამ არაადამიანური მოპყრობის მუხლით წაუყენა ბრალი, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ესენია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე,  მე-8 საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია, კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე.

დანარჩენ დაკავებულებს კი ბრალი წამების მუხლით აქვთ წაყენებული და მათ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ესენი არიან: გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ამავე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ოპერატიული მორიგე გელა ცომაია, კონტროლიორი ლევან ფხალაძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, კობა ჩიკვატია.

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადამდგარი ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, იუსტიციის მინისტრის – ზურაბ ადეიშვილისა და მთავარი პროკურორის – მურთაზ ზოდელავას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ საზოგადოება ასევე მოითხოვდა მაშინდელი შს მინისტრის – ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუმცა მერაბიშვილმა შს მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, როცა ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

 

მერაბიშვილის ადგილზე კი შსს-ში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია ასე წარადგინა:

 

“ბაჩო ახალაია არ არის თქვენთვის უცხო ადამიანი, მას ჰყავს ძალიან ბევრი ერთგული მომხრე და მას ჰყავს ბევრი მტერი. და ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო:

როდესაც ჩვენ დავნიშნეთ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ამბობდა, რომ მგონი, ცუდად მიდის ჩვენი საქმეო, ეს 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო, იმიტომ, რომ მანამდე ვერავინ ვერ გაქაჩა. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და მე ძალიან კარგად ვიცი, რა უბედური სფერო იყო სასჯელაღსრულება. და გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა.

…ე.წ. ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან, ბევრ ქართველს, ალბათ, ახსოვს, როგორ ხდებოდა ეს – ციხიდან დარეკვები და მობილურზე გადამირიცხე ფული და ა.შ.

ასე რომ, ამის ჩაკეტვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მან მოახერხა ამის ჩაკეტვა. მთელ საბჭოთა კავშირში და ევროპაში სალაპარკოა, როგორ ხვეტავდნენ ჩვენი ქურდები და ხვეტავენ ციხის საკნებს და ეს ასე იყო გასაკეთებელი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მას ბევრი მტერი ჰყავს, ბოლოს და ბოლოს, საუბარია იმაზე, რომ ბევრი ოჯახის წევრია მათი გამწარებული, ხდება მანიპულაცია ამ ხალხით და ეს ხალხი ბოლომდე ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ მათი ოჯახის წევრი ციხეშია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი