ახალი ამბები

გიორგი აბდალაძე: 26 მაისის ფოტოების გამო დამაკავეს

24 სექტემბერი, 2012 • • 2932
გიორგი აბდალაძე: 26 მაისის ფოტოების გამო დამაკავეს

“ერთადერთი მიზეზი ჩვენი დაჭერის 26 მაისის შემზარავი ფოტოების გადაღება და მისი უცხოურ პრესაში გავრცელება იყო.  ჩვენ ვიყავით სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის პატიმრები”, – აცხადებს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული “ალია ჰოლდინგის” ჟურნალისტი გიორგი აბდალაძე გაზეთ “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

დღეს, 24 სექტემბერს, “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი აბდალაძე დეტალურად აღწერს თავისი დაპატიმრების დეტალებს, ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, ასევე, იძულებით როგორ მიიღეს სამართალდამცავებმა მისგან ჯაშუშობის აღიარების ჩვენება.

 

ჯაშუშობისთვის გასამართლებული ფოტორეპორტიორი აცხადებს, რომ გაზეთისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს რაიმე საფრთხე შეექმნა, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

 

გიორგი აბდალაძე ინტერვიუში ამბობს, რომ 2011 წლის 7 ივლისს, გვიან ღამით, საკუთარ სახლში  ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ათზე მეტი თანამშრომელი და აბდალაძეს განუცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. ფოტოგრაფი ამბობს, რომ კუდის თანამშრომლებმა აღწერეს სახლში არსებული ყველა დისკი და მათ შორის ერთ–ერთმა სამართალდამცავმა დისკების ყუთში ჩადო ჯიბიდან ამოღებული დისკი.

 

“არ გამიპროტესტებია, რადგან  შევშინდი, რომ რამე არ მომხდარიყო სახლში ოჯახის წევრების მიმართ”, – ამბობს ფოტოგრაფი. იმის გამო, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, აბდალაძემ შიმშილბა გამოაცხადა. რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი აბდალაძე აიყვანეს გლდანის ციხის უფროსთან დავით ხუჭუასთან.

 

დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად შსს–სთან 2011 წელს გამართული აქცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად შსს–სთან 2011 წელს გამართული აქცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“რატომ შიმშილობო. მე ვუთხარი, არ ვეთანხმები ბრალდებას–მეთქი, აბა, რატომ დაგიჭირესო. მე ვუთხარი, 26 მაისის გამო–მეთქი…. მეუბნება, შენ გაქვს უსაზიზღრესი მუხლიო. დაიმახსოვრე, შენ თუ აქედან ცოცხალი გახვიდე, ჩემს დედას შეეციო. მერე დამიწყო გინება, ნუ მაგინებ–მეთქი. რას ჰქვია, ნუ გაგინებო. შენ აქედან ცოცხალს არ გაგიშვებ და წამებაში ამოგხდი სულსო. დედის ტ..ში იქნები სულ და სიკვდილს ინატრებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებო…” – ამბობს გიორგი აბდალაძე.

 

გიორგი აბდალაძე ასევე აცხადებს, რომ გლდანის ციხის თანამშრომელმა დავით ფაცაციამ, რომელიც ამჟამად პატიმართა წამებისთვისაა დაპატიმრებული, მას მუქარის საშუალებით შეაწყვეტინა შიმშილობა. ფოტოგრაფის თქმით, ფაცაციამ უთხრა, რომ თუ ის არ შეწყვეტდა შიმშილობას, სხვა საკნებში მყოფ პატიმრებს სცემდნენ ამის გამო. 

 

“მერე ეს ფაცაცია მეკითხება, ეს მიტინგები შენ გამოაო? კი–მეთქი. მერე რა გგონია, რომ ამ აქციებით რამეს მიაღწევო? მანანა არჩვაძის ხალხი ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე მოდიოდა, მაგრამ ვერ დავუმატეთ სამი წელიო? სანამ გაგვისწორდება, მანამდე გვეყოლები აქო. აქციები შენ არ გიშველისო. ზურაბ ჟვანიაზეც ატყდა ამბავიო, გირგვლიანზეცო, მაგრამ ვინ რა მიიღოო. დამთავრდება ეს აქციები და მერე ნახე შენ, რა დღეში ჩაგაგდებთო. ხომ არ გგონია, პატრონი გეყოლება ვინმეო. გარეთ შენს ცოლ–შვილს რა მოუვა, ეგ ცალკე საკითხიაო”, – განუცხადა “კვირის ქრონიკას” გიორგი აბდალაძემ. 

 

“როგორც მერე გავიგე, უცხოეთში, ერთ–ერთ შეხვედრაზე ეს სურათები[26 მაისის აქციის დარბევის] დაუდიათ  გიორგი ბარამიძისთვის და უკითხავთ, აი, ესაა თქვენი დემოკრატიაო? ბარამიძეს ეს სააკაშვილისთვის უთქვამს. სააკაშვილს უკითხავს, ფოტოები ვინ გადაიღოო და უთქვამთ, ერთ–ერთი ირაკლი გედენიძე, შენი თანამშრომელიაო. იქვე გაუცია ბრძანება, ყველა ციხეში ამოალპეთო. შახ აივაზოვი სასწრაფოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ამერიკის საელჩო ჩაერია საქმეში. რადიო “თავისუფლების” ფოტორეპორტიორის, ნოდარ ცხვირაშვილის დაჭერაც იყო დაგეგმილი , მაგრამ იმ ღამეს რომ მივიდნენ, სახლში არ დახვდათ, მერე კი საქმე აღარ გაირთულეს”, – ამბობს “ალია ჰოლდინგის” ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.

 

ის აცხადებს, რომ ფოტოგრაფების გათავისუფლების საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტების პროტესტმა, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე არ შეწყვეტილა. ფოტოგრაფის თქმით, მას გათავისუფლების შემდეგ ჩამოართვეს პასპორტი, რათა ქვეყნიდან ვერ შეძლოს გასვლა. გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდბით შარშან გასამართლებულ სხვა ფოტოგრაფებსაც მოუწოდებს, თქვან სინამდვილეში, რა მოხდა. 

 

“ალია ჰოლდინგი” კი ფოტოგრაფთა საქმის ხელახალ გამოძიებას, ასევე, გიორგი აბდალაძის რეაბილიტაციას და ამ საქმეში ჩართული ყველა პირის დასჯას ითხოვს. 

 

ხუთი ფოტოგრაფი – ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, გაზეთ “ალიას” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე, ასევე “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი, სამართალდამცავებმა 2011 წლის 7 ივლისს, ღამე, დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა.

 

ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 22 ივლისს პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

ჟურნალისტთა ნაწილი აქციებს მართავდა ორი კვირის განმავლობაში და საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას, ასევე თავდებით მათ გათავისუფლებას მოითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი