ახალი ამბებისამართალი

საიას ე.წ. სიტუაციური ტესტირებით ცხრიდან ერთ შემთხვევაში გამოვლინდა დისკრიმინაცია

15 დეკემბერი, 2016 • 4598
საიას ე.წ. სიტუაციური ტესტირებით ცხრიდან ერთ შემთხვევაში გამოვლინდა დისკრიმინაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჩეხურმა ორგანიზაცია PORADNA–მ 14 დეკემბერს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განიხილეს, თუ როგორ სრულდება საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონი და რა დარღვევა დაფიქსირდა ე.წ. სიტუაციური ტესტების შედეგად.

PORADNA-ს დირექტორი ნუროსლავ დვორჟაკი ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული დავების მოსაგებად ყველაზე მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოპოვება, რისთვისაც ჩეხეთში დღემდე იყენებენ ე.წ. სიტუაციურ ტესტებს.

“ეს ნიშნავს, რომ კეთდება აუდიო ან ვიდეოჩანაწერები. მაგალითად, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, როცა გასაუბრებაზე მიდიან მსურველები და ერთ–ერთს აქვს განსხვავებული ვარცხნილობა ან ჩაცმულობა, დამსაქმებელი კი ეჭვობს, რომ ის არის ლგბტ თემის წამომადგენელი. განსხვავებული სტილის ადამიანს შეიძლება სხვებზე დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია ჰქონდეს, თუმცა სამსახურში მაინც იღებენ იმას, ვისაც არ აქვს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი. ასეთი დისკრიმინაციული ქცევის დასამტკიცებლად ერთადერთი ვარიანტია დამსაქმებლის საქციელის ჩაწერა,” – ამბობს ნუროსლავ დვორჟაკი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 ნოემბერს საქართველოშიც ჩაატარა ე.წ. ტესტირების მეთოდი. ორგანიზაციის სახელწოდების გამო ფართის ქირაობასთან დაკავშირებით პრობლემა ლგბტ საქართველოს რეალურად ჰქონდა, ხოლო საიას ე.წ. სიტუაციური ტესტირების ჩატარებაში ნინო ბოლქვაძე დაეხმარა, რომელიც კიდევ ერთი ლგბტ ორგანიზაციის, “თანასწორობა 17”–ის ხელმძღვანელია. ორგანიზაცია 9 გამქირავებელს დაუკავშირდა ლგბტ ორგანიზაციისთვის ფართის მისაქირავებლად, საიდანაც მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა დისკრიმინაცია.

“ნინო 9 უძრავი ქონების გამქირავებელს დაუკავშირდა. ის დეტალურად უხსნიდა გამქირავებელს, რომ ეს ფართი სჭირდებოდა ლგბტ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური ან იურიდიული კონსულტაციების გასაწევად, კინოჩვენებების მოსაწყობად და ა.შ. პირველ დღეს ყველა ფართის გამქირავებელმა თანხმობა გამოთქვა საქმიან ურთიერთობაზე, ხოლო მეორე დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ იმავე პირებთან ტესტი და ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ: ერთ–ერთმა ბინის გამქირავებელმა თქვა, რომ მან ისაუბრა ოჯახში ამ საკითხზე და გადაწყვიტეს, რომ ფართი ოჯახს მიაქირაონ საცხოვრებლად. დაახლოებით ნახევარ საათში იმავე პირთან დავრეკე მე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, და იგივე პირობებით ვთხოვე ფართის მოქირავება სტრასბურგის იურისტებისთვის. ვუთხარით, რომ იმავე რაოდენობის ხალხი მივიდოდა იმავე ფართში და ეს საკითხი არ უკავშირდებოდა ლგბტ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამ მოკლე დროში ამ ადამიანმა თანხმობა განგვიცხადა. ნინოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოჯახი უკვე ჰყავდა გასაქირავებლად,  ხოლო ჩემთან საუბრისას ეს აღარ ყოფილა პრობლემა,” – ამბობს საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც გოცირიძე აცხადებს, სტატისტიკურმა მაჩვენებელმა ძალიან გააკვირვა, რადგან პირველ შემთხვევაში ცხრავე გამქირავებელმა თანხმობა გამოთქვა, ხოლო განმეორებით შემთხვევაში მხოლოდ ერთი შემთხვევა განმეორდა:

“საინტერესოა ისიც, რომ რაც უფრო ძვირი ღირს ფართი, უფრო დიდია შანსი, რომ გაქირავდეს დისკრიმინირებულ ჯგუფებზე, ხოლო რაც უფრო დაბალია უძრავი ქონების ღირებულება, მით ნაკლები ალბათობა არსებობს იმისა, რომ ჩაგრულ ჯგუფებს მიაქირაონ. ასეთი სურათი გამოვლინდა, თუმცა თავისთავად ის, რომ ცხრა შემთხვევაში მხოლოდ ერთი დისკრიმინაციის ფაქტი გამოვლინდა და ისიც განმეორებითი ტესტირების შედეგად, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არ არის კატასტროფულად დისკრიმინირებული მდგომარეობა.”

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართული და ჩეხური ორგანიზაციები ამ ორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ საუბრობდნენ და გამოვლენილ დისკრიმინაციულ მაგალითებს უყვებოდნენ ერთმანეთს. საუბარი შეეხო სამართალდამცველების მხრიდან დისკრიმინაციაზე, კულტურულ ცენტრებში შეშვებასა და საცხოვრებელი ფართების ქირაობაზე უცხოელებისთვის დაწესებულ მაღალ ფასებზე და ა.შ.

პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში, ტაქსის მძღოლები უცხოელ ტურისტებს გაცილებით მაღალ ტარიფს ახდევინებენ, რაც ასევე არის დისკრიმინაციის გამოვლინება.

“ჩეხეთში დღემდე განსხვავებულ ფასებს სთავაზობენ ტაქსის მძღოლები ტურისტებს. ამ მხრივ ძირითადად იაპონელებს არ წყალობენ. ჩვენთან უკვე არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც ატარებს ე.წ. სიტუაციურ ტესტებს დისკრიმინაციის გამოსავლენად. ჩანაწერების გავრცელება ძირითადად მედიასაშუალებებით ხდებოდა. ამის შემდეგ მერიამ თვითონ დაიწყო ტესტების ჩატარება და დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში მერიის თანამშრომლები თავად აჯარიმებდნენ დიდი ოდენობის ჯარიმით ტაქსის მძღოლებს ან ართმევდნენ ლიცენზიას,” – ამბობს დვორჟაკი, რომელიც თბილისის აეროპორტიდან სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტამდე” ტაქსის მძროლმა 60 ლარად გამოიყვანა.

ჩეხური ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ურჩევს, რომ ე.წ. სიტუაციური ტესტირება ხშირად გამოიყენონ და ეს საკითხები გაავრცელონ მედიასაშუალებებით, რაც PORADNA–ს იურისტების თქმით, დისკრიმინაციის დაძლევისთვის ყველაზე ეფექტურია.

ე.წ. სიტუაციური ტესტირება 60–70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენებოდა, როცა შავკანიან ადამიანებს სასტუმროს მფლობელები არ აქირავებდნენ ფართებს. გიორგი გოცირიძის თქმით, წლების წინ იმავე მეთოდით ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოააშკარავეს დისკრიმინაციაში. მოგვიანებით, ეს მეთოდი ევროპაშიც გავრცელდა, რის შედეგადაც სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი დისკრიმინაციული ფაქტი გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი