ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი საზოგადოებრივი პროკურორის დანიშვნას მოითხოვს

24 სექტემბერი, 2012 • • 887
არასამთავრობო სექტორი საზოგადოებრივი პროკურორის დანიშვნას მოითხოვს

ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს “თბილისი მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაცები: “საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” და  “ციხის საერთაშორისო რეფორმა” შეიკრიბნენ.

ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ საქართველოს იუსტიციის მინსტრმა და მთავარმა პროკურორმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროსაც წახალისდა მსგავსი ფაქტები. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებბი მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხი.

საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს არაეფექტური გამოძიებები, საჭიროა საზოგადოებრივ პროკურორს დაეკისროს ამის გამოძიება. საზოგადოებრივი პროკურორი ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანებით და ტექნიკური რესურსებით, ის მოახდენს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას. საზოგადოებრივ პროკურორს არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ და იმუშავებს ერთი კონკრეტული მიმართულებით”.

ამის გარდა, არასამთავრობო სექტორის ინიციატივით, გამოძიების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოახდენენ პატიმართა გამოკითხვას, მტკიცებულების შეგროვებას და შემდგომ ამ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებრივ პროკურორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი