ახალი ამბები

ასახავს თუ არა ეტიკეტი სასურსათო პროდუქტის რეალურ შემადგენლობას

14 დეკემბერი, 2016 • 6746
ასახავს თუ არა ეტიკეტი სასურსათო პროდუქტის რეალურ შემადგენლობას

რამდენად სანდოა სურსათის შეფუთვაზე დატანილი ეტიკეტი – სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ ნაწარმს ამოწმებს, თუმცა momxmarebeli.ge მიიჩნევს, რომ სააგენტოს კადრები არასაკმარისია და საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება.

თამარ გობეჯიშვილი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი ამბობს, რომ მასშტაბები, რომელთა მიხედვითაც, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სურსათს, არის გასაუმჯობესებელი და მეტი კადრი სჭირდება.

momxmarebeli.ge (სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტი) 2014 წლიდან  ინტენსიურად ამოწმებს სურსათსა და სხვადასხვა პროდუქტს. მათ აღმოუჩენიათ ეტიკეტირების წესის დარღვევები, თუმცა, როგორც გობეჯიშვილი ამბობს, საგანგაშო მდგომარეობა ამ მხრივ არ არის. momxmarebeli.ge-ს მიერ აღმოჩენილი დარღვევების ნაწილი ეტიკეტირებასთან დაკავშირებით:

[crosslist]

  • 2016 წლის 3 აგვისტოს “გუდვილში” იყიდეს მინერალური წყლის, “ფლატეს” ბოთლი, რომელსაც ძირითადი ინფორმაცია ეტიკეტზე ჰქონდა უცხო ენაზე. კანონმდებლობის მიხედვით, ეტიკეტი ქართულ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.
  • 2016 წლის 1 აპრილი: დარღვევა ყველის ეტიკეტზე, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, ხოლო სულგუნს არ ჰქონდა მითითებული მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • 2016 წლის 20 მარტს ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს “გრანინის” ფირმის ანანასის წვენი, რომლის უცხოურენოვანი და ქართულენოვანი ეტიკეტი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
  • 2015 წლის 5 ოქტომბერს “კარფურში” შეიძინეს “როშენის” ვაფლი, რომელსაც არ ჰქონდა ეტიკეტი ქართულ ენაზე.
  • 2015 წლის 4 სექტემბერს შეიძინეს “მხნეობის” პური, რომლის ეტიკეტზე დატანილი მასა არ ემთხვეოდა რეალურ წონას
  • 2014 წლის 9 სექტემბერს შეიძინეს “კარფურში” თურქული ქათამი, რომლის ეტიკეტზე არ იყო მითითებული ვარგისიანობის ვადები, რის გამოც, სააგენტოს ცნობით, მაღაზია 1200 ლარით დააჯარიმეს. .

[/crosslist]

ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე ადგენს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს. ეტიკეტირება უნდა შეიცავდეს:

[checklist]

  • სურსათის  დასახელებას
  • ინგრედიენტების ჩამონათვალს
  • გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობას
  • სურსათის სუფთა წონას
  • ინფორმაციას  კვებითი ღირებულების შესახებ
  • დამხმარე ტექნოლოგიურ დანამატს ან მათ წარმოებულებს, რომლებიც იწვევს ალერგიას ან მომეტებულ მგრძნობელობას

[/checklist]

სურსათის|ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა ჯარიმდება 400 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მეათე მუხლი ადგენს, რომ პროდუქტის უსაფრთხოების შეფასების ერთ-ერთი საშუალება ეტიკეტირებაა, რომელიც გულისხმობს პროდუქტის პრეზენტირებას, გაფრთხილებას პროდუქტის შესახებ, ინსტრუქციას მისი გამოყენებისა და განადგურების შესახებ ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ პროდუქტს შეეხება.

სურსათის ეტიკეტირება

სურსათის ეტიკეტირება

თამარ გობეჯიშვილი ამბობს, რომ მაგალითად, რძის ტექნიკური რეგლამენტის მიღებამ დაარეგულირა რძის პროდუქტების ბაზარი, თუმცა მონიტორინგი ყოველთვის სჭირდება სურსათს.

“ვერასდროს იტყვის ვერც ერთი ქვეყანა, რომ მის ბაზარზე ყველაფერი იდეალურად არის. მუდმივად უნდა ამონიტორინგებდეს ბაზარს სააგენტო”, –  ამბობს გობეჯიშვილი.

გობეჯიშვილი ამბობს, რომ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელია მაღაზია და ის ვალდებულია, ეტიკეტის შესაბამისად მიიღოს პროდუქცია. თუმცა ერთია ეტიკეტის შესაბამისობა კანონთან და მეორეა ეტიკეტის შესაბამისობა თავად სურსათთან. იმისთვის, რომ გაირკვეს, ასახავს თუ არა ეტიკეტი სურსათის შემადგენლობას, ლაბორატორიული კვლევებია ჩასატარებელი.

გობეჯიშვილის თქმით, საქართველოში შესაძლებელია შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება:

[checklist]

  • მძიმე მეტალების
  • ტოქსინების შემოწმება
  • უვნებლობის შემოწმება
  • მიკრობიოლოგიური კვლევები
  • გმო-ს შემოწმება

[/checklist]

გობეჯიშვილის თქმით, საჭიროა და საქართველოში ვერ მოწმდება შემდეგი სახის გამოკვლევები:

[crosslist]

  • საღებავების შემოწმება შავ პურსა და ლიმონათებში
  • ქათმის ხორცში ჰორმონების შემოწმება, რომელიც მოხარშვის შემდეგაც რჩება მასში და გადადის ადამიანის ორგანიზმში.
  • უნდა დაიწყონ: სათამაშოების, ტანსაცმლის, საოჯახო ქიმიის, ჰიგიენის საშუალებების, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ლაბორატორიული შემოწმება.

[/crosslist]

“საკმაოდ ბევრი რამაა, რომელზეც თვითონ ევროკავშირშიც ბევრია დარღვევები და საქართველოშიც რომ იყოს, არავის გაუკვირდება”, – ამბობს გობეჯიშვილი.

სურსათის ეტიკეტირება

სურსათის ეტიკეტირება

იგი ამბობს, რომ ქათმის შესწავლა უნდოდათ ლატვიაში მდებარე ლაბორატორიაში, თუმცა უარი უთხრეს, რადგან ისინი სპეციალური წესით ანადგურებენ ქათამს გამოკვლევის შემდეგ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ არ უღირს ლაბორატორიას ქათმის მიღება შესასწავლად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორები მთელი წლის განმავლობაში რუტინულად დადიან და ამოწმებენ სურსათს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები 2014 წლის მონაცემებით, რომელიც აღებულია სააგენტოს ვებგვერდიდან:

[crosslist]

  • საქართველოს მასშტაბით სულ 5184 ინსპექტირება განხორციელდა, 2424 ბიზნესოპერატორი გადაამოწმეს. 26 934 რეკომენდაცია გასცეს. აქედან ეტიკეტირების შესაბამისობის დარღვევას მოქმედ საკანონმდებლო აქტთან შეეხებოდა 494.
  • ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 400 ლარით დააჯარიმეს 161 ბიზნესოპერატორი, ხოლო 1200 ლარით დააჯარიმეს 3 ბიზნესოპერატორი.
  • ინსპექტირება შეეხო ხორცის, ნაყინის, თევზის, რძის პროდუქტების ნაწარმს, პურფუნთუშეულსა და საცხობებს, ყავისა და ჩაის საწარმოებს, უალკოჰოლო სასმელებს და სხვა სახეობის სურსათს.
  • სურსათის ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევაზე გაიცა 773 რეკომენდაცია.

[/crosslist]

გემაზაშვილის თქმით, 2017 წელს დაგეგმილია 3 900 შემოწმება, ხოლო 2016 წელს 4000-ზე მეტი შემოწმება იყო დაგეგმილი. შემოწმებებს საქართველოს მასშტაბით 110 მონიტორი ახორციელებს, 2014 წლამდე მონიტორების რაოდენობა, გემაზაშვილის თქმით, 3-ჯერ ნაკლები იყო.

სურსათის ეტიკეტირება

სურსათის ეტიკეტირება

ანა გემაზაშავილი ამბობს, რომ ლაბორატორიებს ტენდერის მიხედვით არჩევენ საქართველოს მასშტაბით, სადაც აღებულ სინჯებს უმოწმებენ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, პესტიციდებსა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებს. ნიმუშების აღება მთელი წლის განმავლობაში ხდება, რომ 12 თვის პერიოდში მუდმივად ჰქონდეს სურსათის სააგენტოს ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

“საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს იმის, რომ შეუსაბამობის რაოდენობები მცირდება, რაც იყო წინა წლებში”, – ამბობს გემაზაშვილი. 

რაც შეეხება ქათმის ხორცში ჰორმონების შესაძლო არსებობას, რაც თამარ გობეჯიშვილს პრობლემად მიაჩნია, ანა გემაზაშვილი ამბობს, რომ ჰორმონებზე შემოწმების ვალდებულება კანონმდებლობით არ არის სავალდებულო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ ამოქმედდება, მაშინ შეამოწმებენ.

ეს არის ძალიან, ძალიან განვითარებული ქვეყნების პრეროგატივა, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ და ერთ ადგილას არ ვდგავართ”, – ამბობს გემაზაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი