ახალი ამბები

პოლიციელმა, რომელიც ‘ბათუმელების’ ჟურნალისტს აშანტაჟებდა, ფოტორეპორტიორს ჯაშუშობა აღიარებინა

24 სექტემბერი, 2012 • • 1417
პოლიციელმა, რომელიც ‘ბათუმელების’ ჟურნალისტს აშანტაჟებდა, ფოტორეპორტიორს ჯაშუშობა აღიარებინა

გიორგი აბდალაძე დღეს, 24 სექტემბერს, “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში დეტალურად აღწერს თავისი დაპატიმრების დეტალებს, ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, ასევე, იძულებით როგორ მიიღეს სამართალდამცავებმა მისგან ჯაშუშობის აღიარების ჩვენება.

 

მას შემდეგ, რაც წამების მუქარის შეეგად გიორგი აბდალაძემ საპროცესო შეთანხმებაზე თანხობა განაცხადა, აბდალაძის თქმით, მოვლენები ასე განვითარდა:

 

“იმ ღამესვვე მოვიდა კუდის სასტავი. ღამის პირველ საათზე ამიყვანეს ადმინისტრაციის შენობაში. დამსვეს. კუდის თანამშრომელი დათო დევნოზაშვილი დამიჯდა და მეუბნება, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რას მოყვებიო. ეს ის დათო დვნოზაშვილია, გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტს რომ აშანტაჟებდა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას სთხოვდა. მოკლედ, ფურცელზე დაწერა 11, ესაა შენი სასჯელიო და რასაც მოყვები, იმის მიხედვით გამოაკლდება ამას ციფრებიო. რა მოვყვე–მეთქი. დაიწყე იმით, ცხინვალში რომ იყავიო. დავიწყე მოყოლა და ვთქვი ისე, როგორც სიმართლე იყო. არა, ასე არ გვაწყობსო”. 

 

გიორგი აბდალაძე
გიორგი აბდალაძე

ამის შემდეგ გიორგი აბდალაძე დეტალურად ჰყვება, თუ როგორ დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, როგორ ჩაამატებინეს ჩვენებაში სხვადასხვა დეტალები და მთელი ღამის განმავლობაში როგორ აზეპირებინებდნენ აღიარებით ჩვენებას.

 

გაზეთმა ბათუმელებმა 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინა პიროვნება, რომელიც  ”ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე “დავითი” შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.  პოლიციელი ჟურნალისტს ემუქრებოდა, თუ არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, სამართალდამცავები გაავრცელებდნენ დამონტაჟებულ, ჰომოსექსუალური შინაარსის ფოტომასალას, რომელზეც თედო ჯორბენაძე შიშველ მამაკაცებთან ერთად იქნებოდა აღბეჭდილი.

 

2009 წლიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს მოეძებნათ და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვათ იმ პოლიციელისთვის, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

 

გაზეთმა “ბათუმელებმა” დამოუკიდებელი გამოძიებით დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიციელი 1971 წელს დაბადებული დავით

დავით დევნოზაშვილი
დავით დევნოზაშვილი

დევნოზაშვილია, ის ნამდვილად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი 2011 წლის ნოემბერში პირადად მივიდა დევნოზაშვილის სახლში, ესაუბრა მას, მისგან მიიღო დასტური, რომ ის 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ბათუმში. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და აცნობა, რომ მან მიაგნო ადამიანს, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციიის წარმომადგენლებმა, ამაღლობელის დაჟინების მიუხედავად, შესაბამისი ოქმი არ შეადგინეს.

 

შემთხვევიდან მეორე დღესვე “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეწოდოს გაზეთს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ასევე, დაიბარონ და დეტალურად გაარვკიოს შსს-მ იმ დღეს მომხდარი ფაქტები, გამოავლინოს დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცენ პასუხისმგებლობაში.

 

გაზეთ ”ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია 2009 წლის ნოემბერში გაიმართა და მასში მონაწილეობა ათობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: ჟურნალისტები, იურისტები, სტუდენტები და ბლოგერები.

 

მიუხედავად “ბათუმელების” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებისა და სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვისა, მათ რეაგირება აღნიშნულზე ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 11 ივლისის #11/07/02 განკარგულებით, დავით დევნოზაშვილს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის #36-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 67,17 კვადრატული მეტრი ბინა 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა უკვე დავით დევნოზაშვილის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი