ახალი ამბები

საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდში “ივერიისა” პაატა ბურჭულაძეს გიორგი თავაძე შეცვლის

14 დეკემბერი, 2016 • 3419
საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდში “ივერიისა” პაატა ბურჭულაძეს გიორგი თავაძე შეცვლის

ფონდი “ივერია”, რომელიც მახათას მთაზე ეკლესიას აშენებს, რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებად გადაკეთდება და მას პაატა ბურჭულაძის ნაცვლად გიორგი თავაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს:

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010წ. დაარსებული ფონდი ივერიისა უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ანხორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბ-ნ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. ის გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 1200 სთ-ზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი