ახალი ამბები

რატომ ამცირებს ენმ თანამშრომლების რაოდენობას და ვინ რჩება ხელფასის გარეშე

14 დეკემბერი, 2016 • 2999
რატომ ამცირებს ენმ თანამშრომლების რაოდენობას და ვინ რჩება ხელფასის გარეშე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენმ-ის მენეჯმენტმა “შემცირებაში მოაყოლა” პარტიის ის თანამშრომლები, რომლებიც ყრილობის ჩატარების 7000-მანდატიან წესს უჭერდნენ მხარს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩიორა თაქთაქიშვილი კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.

“კობა ხაბაზი – თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ის რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი,

გოგა ონიანი – ენმ-ის ერთ-ერთი იურისტი პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე,

ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში (!) ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი,

გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი,

ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,

გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ის ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე,

ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ის მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ სირცხვილია! ძალიან დიდი სირცხვილი!”, – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ამ პოსტს ფეისბუკზევე გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, რომელიც ამბობს, რომ შემცირების მიზეზი პარტიისთვის დაფინანსების კლებაა. იგი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტული ადამიანები მათი შეხედულებების გამო შეამცირეს.

“ჩემმა პარტიულმა მეგობარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საინტერესო სტატუსი დადო, სადაც დაწერა, თითქოს ნაცმოს ცენტრალურ ოფისში შემცირების მიზეზი იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყო, ვინც 7000 – დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს.

ვცდილობ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს არ ვუპასუხო, მაგრამ ამჯერად განვმარტავ:

1. ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა.

2. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მით უმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

3. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის, ჩემდა სამწუხაროდ, განთავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო.

4. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, თანამებრძოლების და მით უმეტეს, ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი.

5. მე ნაციონალურ მოძრაობაში 2012 წელს მოვედი და ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს რატიანი.

ენმ-ის ლიდერებს შორის საჯარო სივრცეში დაპირისპირება არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო.

დაპირისპირება ენმ-ში

დაპირისპირება ენმ-ში

ვრცლად იმ საკითხების შესახებ რის გამოც პარტიაში დაპირისპირება მიმდინარეობს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი