ახალი ამბები

RFE/RL: ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას კენჭს იანვარში უყრის

13 დეკემბერი, 2016 • 2171
RFE/RL: ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას კენჭს იანვარში უყრის

ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭს 2017 წლის იანვარში უყრის. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებლის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

ევროპარლამენტი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად დეკემბრის პირველ კვირამდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ისინი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ. შეჩერების მექანიზმი საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე აღარ მიიღონ საკუთარ ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, დღეს მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) დაამტკიცებს და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE). ამის შემდგომ კი, პროცედურის თანახმად, უნდა გაიმართოს კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი