ახალი ამბები

სააკაშვილი: რამდენიმე დღის წინ საქართველოში კანონიერი ქურდი აკურთხეს

23 სექტემბერი, 2012 • 1837
სააკაშვილი: რამდენიმე დღის წინ საქართველოში კანონიერი ქურდი აკურთხეს

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, “ბასკოში” ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ვიდეომასლაზე, რომელზეც პატიმრების წამებაა ასახული.

 

“თქვენ რაც იხილეთ ბოლო დღეებში ტელევიზიით, ეს ჩემთვის პირადად იყო დიდი დარტყმა, მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ჩემ დროს ციხეს მთლიანად ქურდები მართავდნენ, ვაღიარებ. მაშინ ციხის ადმინისტრციას შეიძლება ხელი არავისთვის დაეკარებინა და საერთოდ ციხის ადმინისტრაცია ქურდისგან იღებდა ხელფასს. ქურდი ცემდა, ქურდი აუპატიურებდა, ქურდი ყველაფერს უშვებოდა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენ ეს ქურდები გავწიეთ გვერდზე, ყველა ციხის პატიმარს, როცა მე ვიყავი მინისტრი, აჭმევდა ნათესავი. იმიტომ, რომ იქ რაც იყო, ის არ იჭმებოდა. კვება მოვაწესრიგეთ, გრძელვადიანი პაემნები შემოვიღეთ, პრობაციის გაფართოება დავიწყეთ. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, იმის გამო, რომ ამ სისტემაში არ იყო პრესტიჟული სამუშაო, ყოფილი გაიშნიკი შეძვრა სადღაც, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრული და მოხდა ის, რაც მოხდა. ნარკომანია ამოიძირკვა ციხიდან. ყველაფერი ეს დასრულდა და მოდი, ამ ემოციების ფონზე, ნუ ვიტყვით, რომ არაფერი არ გაკეთებულა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ”.

 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს კითხვას უსვამს, თუ რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი. სააკაშვილი ამბობს, რომ ორი არჩევანია: პირველი – ქვეყანა დააბრუნონ პირობებში, სადაც ქურდები მართვენ, ნარკომანები თავისუფლად არიან და მეორე – სადისტებს, კრიმინალებს, მაფიოზებს ბოლომდე დავუკეტოთ გზა და წინ წავიდეს ქვეყანა.

 

“ბევრ ქვეყანაში ეს ხდება, ციხე უბედურებაა, ამერიკაში ჩვენზე ბევრად ხშირად მომხდრა ბოლო წლებში. ევროპაში ყველგან ხდება და იჭერენ ამ ხალხს, როგორც ჩვენ დავიჭირეთ, ოღონდ ორი მინისტრი არსად არ გადამდგარა, ჩვენ რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალიან მგრძნობიარეები, “რემბოების” ხელში იყო ეს ქვეყანა. ის, რაც იყო, გლდანის კარანტინში მოხდა, საქართველოს ყველა ეზოში და უბანში იყო. მე ვსვამ კითხვას, ვინ უფრო უკეთესად მიიყვანს  საქმეს ბოლომდე? გიორგი ტუღუში, ეკა ზღულაძე, თუ “რემბო”, გოგა ხაინდრავა და თამაზ თამაზაშვილი, რომელიც თავად უკვეთავდა ამ ყველაფერს, ამ მასალების მოპოვებას და გამოქვეყნებას.”

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ვიდეომასალა 24 სექტემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო და გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: არჩევნებამდე 5 დღით ადრე, მმართველი ძალა დაბნეული, ხალხი დაიწყებდა მასობრივად გაქცევას, გადადგომების სერია დაიწყებოდა და კულმინაცია იქნებოდა არჩევნების დღე, როდესაც, პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა დაბრუნებულიყო “მოუსავლეთში, უკუნეთში და რუსეთის ბატონობის ქვეშ”.

 

მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩველებს ისიც უთხრა, რომ ბოლო დროს ხშირად ესმის ამჟამინდელი საქართველოს შედარება ასლან აბაშიძის და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ქვეყანასთან და რომ ის დრო უკეთესი იყო:

 

“5600 კილომეტრი ავაშენეთ ბოლო რვა წლის მანძილზე, 150 საავადმყოფო ავაშენეთ ბოლო წლების განმავლობაში და ვაშენებთ რამდენიმე მათგანს ბათუმში. 100-ჯერ გაიზარდა დაზღვეულთა რიცხვი. კორუფცია შემცირდა ნულამდე. დანაშაული შემცირდა 5-ჯერ, ესე იგი აღარ გვეშინია შვილების გარეთ გაშვების.  სიღარიბე ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ 52 %-დან დავიდა 18 %-მდე, დავიყვანთ ნულამდე.  ყველა ბავშვი იღებს კომპიუტერს, მასწავლებლის ხელფასები გაიზარდა რამდენჯერმე. 100 –დოლარინი პენსია ამოქმედება მალე, და პენსიონრებო, დაითვალეთ რამდენჯერ აღემატება ეს იმ პენსიას, რომელსაც იმ რეჟიმის პირობებში იღებდით, რომელიც, ამის მთქმელის მიხედვით, ჯობია დღევანდელ საქართველოს.”

 

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეორგოლებით მანიპულირებას რუსული წესებით თამაში უწოდა და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ ბევრი ფულის პირობებში გამოცხადდა, აიღეთ კამერები, შედით პროვოკაციაზე, გადავიღოთ, ხალხი დავზაფროთ და არჩევნები მოვიგოთ.

 

“ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, მაგრამ რუსულად რომ ვუთხრა, ერთი “ნო” არის მაგათთვის. არჩევნებს ვერ მოგართმევთ, არჩევანი კეთდება არა ბარამიძესა და ვიღაც კანდიდატებს შორის, არჩევანი კეთდება იმაზე, რომ ერთი მხარე გპირდებათ ბარაკებისგან გათავისუფლებას და აკეთებს ამას, გპირდებათ სავადმყოფოების აშენებას, ადამიანების დაზღვევას და აკეთებს ამას, მსოფლიო  მასშტაბის უნივერსიტეტის კარგად ფუნქციონირებას და აკეთებს ამას. და მეორე მხარე გპირდებათ ინფექციას და კიბოს და ვერ გააკეთებს ამას.”.

 

სააკაშვილის შეფსებით, მიმდინარე პროცესებმა შედეგი უკვე გამოიღო და რამდენიმე დღის წინ, ბოლო შვიდი წლის მანძილზე საქართველოში პირველად კანონიერი ქურდი აკურთხეს:

 

“საქართველოში ეს მე ერთხელ უკვე ვნახე. ამ ყველაფერს ერქვა მხედრიონი და მან აურაცხელი უბედურება მოუტანა საქართველოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთის ომის ტრაგედიის მიზეზი ესეც იყო მთავარ ფაქტორებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ პირველი შოკი, ოღონდ ეს მოხდა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ეს ამის ავტორებს ეგონათ.  იმიტომ, რომ ჩვენ დავიწყეთ გამოძიება, ჩვენ დავაკავეთ პირველი პირი, ხალხო, ჩვენ დავაკავეთ პირველი ბადრაგები, ამის შემდეგ, როგორც კი ჩვენ დავაკავეთ, გამოიყარა და გამოიყარა ვიდეოები, იმიტომ, რომ ჩვენ გავუხეთქეთ ცოტა უფრო ადრე,  ვიდრე მათ ეგონათ. ვინაიდან ეს ასეა, ის გეგმა, რომ მთავრობა უნდა ჩამოშლილიყო, საზოგადოების სრული დემორალიზაცია უნდა მომხდარიყო, ასევე, ციხის ბუნტი, მე ახლა შემიძლია თითქმის ბოლომდე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ყველამ ერთად ჩავშალეთ ეს გეგმა. სიტუცია არის ძალიან კონკრეტული, გავაგრძელებთ გზას, პროგრესს, ჩვენ გავაგრძელებთ განვითრებას, საქართველოში კანონის უზენესობას ვერავინ ვერ შეარყევს.  ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. ჩვენ გზის შუაში ვართ და შუაში არ მივატოვებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი