ახალი ამბები

ენმ ხელისუფლებას ბიუჯეტში “გადაუდებელი ცვლილებების” შეტანას სთავაზობს

13 დეკემბერი, 2016 • 3994
ენმ ხელისუფლებას ბიუჯეტში “გადაუდებელი ცვლილებების” შეტანას სთავაზობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს მოუწოდებს, ბიუჯეტში გადაუდებელი ცვლილებები შეიტანოს, რომლის მიხედვით, არ გაიზრდება აქციზი, აგრეთვე, ავტომობილის იმპორტზე გადასახადი,  2 %-ით შემცირდება საშემოსავლო გადასახადი, ხოლო  პენსია 50 ლარით გაიზრდება.

დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მათი წინადადების განხორცილების შემთხვევაში, შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და დეფიციტი:

“გადასახადების გაზრდის შედეგად, 2016 წელთან შედარებით, მთავრობა 615 მილიონი ლარით მეტს იღებს მოქალაქეების ჯიბიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიული ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობამ უარი უნდა თქვას გადასახადების ზრდაზე და ეს ფული ხალხს უნდა დაუტოვოს. საშემოსავლო გადასახადის 2%-ით შემცირება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მოქალაქეებს 257 მილიონ ლარს უტოვებს. პენსიის 50 ლარით ზრდა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან კიდევ 420 მილიონ ლარს აძლევს ხალხს განსაკარგავად ჯამურად. მოქალაქეების ჯიბეში მილიარდზე მეტი ლარი რჩება,” – აღნიშნულია პრეზენტაციაში, რომელიც ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა.

ენმ მთავრობას სთავაზობს ხარჯების 1,170 მლრდ ლარით შემცირებას: ფინანსთა სამინისტრო – 30 მლნ ლარი; ეკონომიკის სამინისტრო – 325 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 465 მლნ ლარი; სუსი – 28 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო – 37 მლნ ლარი; სოფლის არაეფექტური პროგრამები – 120 მლნ ლარი; არაეფექტური რეგიონალური პროგრამები – 100 მლნ ლარი; ბანკების სუბსიდირება – 65 მლნ ლარი; პრივატიზაციიდან დამატებით მიღებული შემოსავალი + 80 მლნ ლარი:

“ეს ნაბიჯები დეფიციტს 80 მილიონი ლარით ამცირებს, რაც ნიშნავს დეფიციტის დაყვანას 4.1%-დან 3.8%-მდე. ეს ყველაფერი შესაძლებელია ბიუჯეტის იმ მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებშივე, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა”

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.  ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონი ლარია. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 %-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტის ყოველწლიურ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი