ახალი ამბები

მესტიაში დაკავებულ ‘ოცნების’ წევრს 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23 სექტემბერი, 2012 • 1058
მესტიაში დაკავებულ ‘ოცნების’ წევრს 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

“ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვნისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში”, – აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე, რომელიც იცავს ჟორჟლიანის ინტერესებს სასამართლოში.

 

კახა ჟორჟოლიანს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით, რომელიც ეხება წვრილმან ხულიგნობას. როგორც მისი მეუღლე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ყოფილი თანამშრომელი, ნინა ხატისკაცი აცხადებს, მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი ამავე კომისიაში ცესკოს წარმომადგენლის, არჩილ სოფომაძის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

 

ხატისკაცის თქმით, საოლქო კომისიის სხდომაზე, რომელზეც მიიღეს მესტიაში სპეცუბნების დამატების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით ცესკომ გააუქმა, კახა ჟორჟოლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა არჩილ სოფრომაძესთან. ხატისკაცი ამბობს, რომ  სოფრომაძე საჩივარში მიუთითებს, თითქოს ჟორჟოლიანი ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებას.

 

“საარჩევნო კოდექსით, ამ შემთხვევაში პირი, რომელიც ხელს უშლის სხდომის ჩატყარებას, უნდა გააძევონ სხდომიდან. ამის ნაცვლად მათ წვრილმანი ხულიგნობა გააფორმეს და ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავება”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი.

 

დაკავების შემდეგ კახა ჟორჟოლიანის მესტიიდან ზუგდიდში გადაყვანის წინააღმდეგ გამოვიდნენ მესტიაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მათ გადაკეტეს გზა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეკრებილ ხალხს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ილიარიონმა მიმართა, მოსახლეობამ გზა გახსნა და კახა ჟორჟოლიანი მესტიიდან ზუგდიდში იქნა გადაყვანილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი