ახალი ამბები

სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, გრიპის გამო ოჯახის ექიმს და არა სასწრაფოს მიმართონ

13 დეკემბერი, 2016 • 5297
სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, გრიპის გამო ოჯახის ექიმს და არა სასწრაფოს მიმართონ

გრიპის სეზონის დაწყების გამო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პროტოკოლის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, სადაც სასწრაფო დახმარების სამსახურში გრიპის სიმპტომების გამო შესული ზარები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას ოჯახის ექიმები განახორციელებენ.

დავით სერგეენკოს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის გაზრდილი მიმართვიანობაა:

“გუშინდელი მდგომარობით 550 ზარი დაფიქსირდა სასწრაფო დახმარების სამსახურში, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო. ისევე, როგორც იანვარ-თებერვალში, დაემატება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7 რეჟიმში იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები, რომ გაზრდილი ავადობის სურათი ვმართოთ და მნიშვნელოვნად შევამციროთ. ამის გარდა მოსახლეობასთან მექნება სათხოვარი, რომ იმ პერიოდში, როცა მუშაობს პირველად ჯანდაცვა, მათი ოჯახის ექიმები, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისას მიმართოს სწორედ ოჯახის ექიმს, რადგან ეს ოჯახის ექიმის კომპეტენციაა,” – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ დგას, რადგან 100 000 მოსახლეზე დაავადებულთა რაოდენობა, ბოლო დღეების მონაცემებით, 254-ს არ აჭარბებს. ეპიდემიის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა 500-ზე მეტი უნდა იყოს.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, მინისტრის განაცხადებით, სკოლებსა და ბაღებში ხვალიდან ამოქმედდება სტანდარტული პროტოკოლი და თუ მოსწავლეთა გაცდენების რაოდენობა ყოველდღიური შეტყობინებების საფუძველზე 40%-ს გადააჭარბებს, დაწესებულება 3 დღით დაიხურება:

“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, განიტვირთოს სასწრაფო დახმარების მუშაობა და მან შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება და ასევე შემცირდეს პაციენტთა ნაკადები პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში. რამდენიმე მათგანში უკვე გამოიკვეთა, რომ პაციენტების დიდი ნაკადი არის სწორედ ამ გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომებით,” – თქვა დავით სერგეენკომ.

გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად გამოძახებების მატებაზე საუბრობენ სასწრაფო დახმარების სამსახურშიც. სასწრაფოში ამბობენ, რომ არამიზნობრივი გამოძახებები სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებას იწვევს.  7 დეკემბერს თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 2 582 შეტყობინება შევიდა. 112-დან მიღებული ინფორმაციით, თუკი 2016 წლის ნოემბერში დღეში საშუალოდ 2066 შეტყობინება შევიდა თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახებისთვის, იმავე წლის აპრილში ეს მონაცემი იყო საშუალოდ 2020 გამოძახება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) გავრცელება საქართველოში გასულ წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით მომატებულია.

მომატებულია საერთო ჰოსპიტალიზაციაში მწვავე რესპირატორული დაავადებებით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცენტული წილიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემით, რომელიც 2016 წლის ამავე პერიოდს  ასახავს, მწვავე რესპირატორული დაავადებებით (SARI) ჰოსპიტალიზებული პაციენტების 14,9 პროცენტი იყო. 2015-16 წლის სეზონზე კი, ამავე პერიოდში, ამ მიზეზით საავადმყოფოებში პაციენტების 11,3 პროცენტი მკურნალობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი