ახალი ამბები

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ახალი უფროსის განცხადებები NATO-ს შესახებ გუშინ და დღეს

13 დეკემბერი, 2016 • 3202
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ახალი უფროსის განცხადებები NATO-ს შესახებ გუშინ და დღეს

“ნატოში შესვლის სანაცვლოდ, ალბათ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში არ შეიყვანს. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო თავის პრინციპებს გადაუხვევს საქართველოს გამო! ამიტომ უნდა დავფიქრდეთ! მე არ მინდა, წარმოვიდგინო ჩემი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც უარს იტყვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ნატოში ინტეგრაციის სანაცვლოდ”, – ეს ციტატა გენერალ ვლადიმერ იმნაძეს ეკუთვნის 2009 წელს საქინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვლადიმერ იმნაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 7 დეკემბერს დაინიშნა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური ძალების მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული მესიჯების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების  მიერ არაერთხელ ყოფილა დეკლარირებული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომელიც თავის დროზე არაერთ პოლიტიკოსს აქვს ტირაჟირებული, მათ შორის, მმართველი გუნდიდან. ამ კონკრეტული მოსაზრების შესახებ განმარტება მომზადებული აქვს თავდაცვის სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს:

“სინამდვილში NATO მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების –  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ აღმავლობას. აღნიშნული პროგრესი დაეხმარება საქართველოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მისი მოქალაქეებისათვის მიმზიდველ ქვეყანა გახდეს”, – ნათქვამია ზემოხსენებულ განმარტებაში.

აქვე ამ საკითხზე მომზადებული მეორე სამართლებრივი განმარტება sknews.ge-ის ვებგვერდიდან:

“სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დადგენის პრობლემა ჰქონდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორად გაიყო და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში, რამაც გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გერმანია გაერთიანდა და დღეს ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრია. ნატოში გაწევრიანებამ დასავლეთ გერმანიის უსაფრთხო და სტაბილურ განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გაერთიანებულ გერმანიას გაცილებით ძლიერი და მყარი ხმა აქვს ალიანსში.

ასევე, საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, რომლებიც 2004 წელს ნატოში გაწევრიანდნენ. ამ ქვეყნებს საზღვრების დადგენის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული მეზობელ სახელმწიფოსთან. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია NATO-ში მიეწვიათ. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა. ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენ”.

დღეს ვლადიმერ იმნაძეს ვკითხეთ, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშრიებით.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ და რატომ: ნატოს ერთ-ერთი პირობაა, რომ თუ ნატოში წევრიანდება ქვეყანა, მას არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები”, – გვითხრა იმნაძემ. კითხვას, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ ტერიტორიული პრობლემები ნატოში გაწევრიანებისთვის შემაფერხებელი გარემოებებია, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ ნატოს დებულებებში წერია, თუმცა კონკრეტული დოკუმენტი ვერ დაასახელა. ნეტგაზეთის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ასეთი რამ ნატოს დოკუმენტებში არ წერია, მან უპასუხა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს და 2009 წელს მისი ზემოხსენებული კომენტარი წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას ეხებოდა:

“მე ვიცი ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა უნდა იყოს იმ პირობებში, რაც ნატოს წევრებს  ეკადრებთ და არა ისეთ მდგომარეობაში  როგორშიც მაშინ იყო, და ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. მე ეს ვიცოდი და ამაზე ვსაუბრობდი ჩემს ინტერვიუშიც. 2009 წლამდე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეზობლის გინებაში იყო იმდროინდელი ხელისუფლება და ამ ფონზე გავაკეთე მე ჩემი განცხადება. თქვენ აქცენტი სხვანაირად ამოიკითხეთ, მე უფრო გაწონასწორებული [პოლიტიკის აუცილებლობაზე] მაქვს ხაზი გასმული.

მე ვფიქრობ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ნატოში, ოღონდ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე.

რატომ ვთქვი ეს:

2003 წელს მიმდინარეობდა ის მოვლენები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. მე მაშინ გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი და  დამირეკა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა [ანატოლი] კვაშნინმა. მან მკითხა, რა ხდებაო. მე ვუთხარი, რაც ხდებოდა აქ. მან დახმარება შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ არავითარი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება. [სამხედრო დახმარება?] გენერალური შტაბის უფროსი აქ ხახვს და კარტოფილს არ ჩამოიტანდა. მე ვუთხარი, რომ არავითარი დახმარება საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ხალხი თვითონ გააკეთებს არჩევანს-მეთქი. მაშინ მან მითხრა, იცით რა, თქვენ დაკარგავთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსო. მე ეს ყველაფერი თავდაცვის მაშინდელ მინისტრს თევზაძეს მოვახსენე. აქედან გამომდინარე გავაკეთე მე ჩემი განცხადება, რადგან ჩვენი მეზობლის ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ასეთი რამ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. 2009 წელს ეს არ იყო [ჩემი მხრიდან] იოლად მისაცემი ინტერვიუ გამომიდნარე იქიდან, რასაც წინა ხელისუფლება ასეთ დაუმორჩილებლობაზე აკეთებდა ხოლმე. მე უბრალოდ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ საქართველოში უნდა იყოს უფრო რბილი და ლავირებადი პოლიტიკა, თორემ არავინ, მით უმეტეს, ახლანდელ ხელისუფლებაში არ ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს რომელიღაც კავშირის წევრი და ამიტომ… აფხაზეთი არის საქართველო და სამაჩაბლოც საქართველოა”, – ამბობს იმნაძე.
კითხვას, რატომ უშვებს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას ნიშნავდეს, იმნაძე ასე გვპასუხობს:
“იმიტომ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს გამოცხადებული აქვს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი, რა მოუვა აფხაზეთს და სამაჩაბლოს?”.
იმნაძის კითხვას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით ვუპასუხეთ, რომელიც ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
“ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში, ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იმნაძე კვირიკაშვილის სიტყვებს იწონებს:

ვლადიმერ იმნაძე © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ვლადიმერ იმნაძე © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

“მე ვიყავი კერძო პირი, უმუშევარი და როგორც გენერალს მკითხეს. მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რაც 2009 წელს მქონდა ჩამოყალიბებული. მე დასაწყისში გითხარით [ჩემი პოზიცია], რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ისეთი ტერიტორიული მდებარეობა გვაქვს, რომ აუცილებლად გვჭირდება… ვინმეს თუ არ შევაფარეთ თავი, დიდხანს ვერ გავტანთ. პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, თუ რისთვისაა ეს საჭირო”.

იმნაძე ასევე ამბობს, რომ იმ პოლიტიკით, რასაც, მისი თქმით, წინა ხელისუფლება ახორციელებდა, მას ეგონა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმა მოჰყვებოდა, თუმცა იმავეს არ ფიქრობს “ქართული ოცნების” მთავრობაზე. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ნატოს წევრი, თუნდაც იმ მიზნისთვის, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თავის ინტერვიუში.
“მე ასე მეგონა, ადრე იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა. სააკაშვილის ხელისუფლებას გინების მეტი არაფერი გაუკეთებია. ისინი უბრალოდ არ მოგვცემდნენ ჩვენ საშუალებას, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე გვეფიქრა.
მე რუსეთის გენშტაბის უფროსმა მითხრა 2003-ში, რომ თუ ასე გაგრძელდება, თქვენ დაკარგავთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსო. 2008 წელში რაც მოხდა, ეს გამართლდა, რადგან რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო იმ პოლიტიკის მეშვეობით, რაც წინა მთავარობას ჰქონდა. ახლანდელი მთავრობა რომ ყოფილიყო, ასეთი გაუწონასწორებელი ნაბიჯები არ გადაიდგმეოდა. ეს მაძლევდა იმის საფუძველს, რომ ეს დასკვნა გამეკეთებინა. მე ხომ იმ ინტერვიუში როგორც თანამდებობის პირი, ისე არ ვლაპარაკობ, მე იქ ვსაუბრობ როგორც გენერალი”.
იმნაძეს კიდევ ერთხელ ვკითხეთ, რა შუაშია ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა, როცა დისკუსია დადის ძალიან მარტივ საკითხზე, შეიძლება თუ არა ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, გაწევრიანდეს ნატოში და საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, რომ ეს არ შეიძლება:
“მე ასე ვიცოდი. ახლა არ შემიძლია, რომ თქვენ ამოგიღოთ [დოკუმენტები], მაგრამ შემიძლია დავავალო და გაჩვენოთ, რა პირობები არსებობს. მე და ჩვენ ასე ვიცოდით არა მარტო 2003 წელს, არამედ 1998-შიც, როდესაც დავით თევზაძე [თავდაცვის მინისტრი] მოვიდა და პირველად განაცხადა, რომ ჩვენ ნატოსკენ ვიღებთ გეზსო. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და მე ვიცოდი, რომ ეს ასე იყო, ეს ასე წერია თუ არა ორიგინალში, ამას ვერ გეტყვით”.
იმნაძე ამბობს, რომ ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერთან მისი რეკომენდატორი ამ სამსახურის ყოფილი უფროსი კობა კობალაძე იყო, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია. წინა კვირაში იმნაძე ზემოხსენებულ თანამდებობაზე სწორედ კობალაძემ წარადგინა. იმნაძის თქმით, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გლობალურ თემებზე არ უსაუბრიათ, რადგან ვეტერანებს იმდენი პრობლემები აქვთ, რომ ლაპარაკი მხოლოდ ამ საკითხების მოგვარებას შეეხებოდა.
ვეტერანთა საქმეთა სამსახურის შენობაში გამოკრულია განცხადება, რომლის მიხედვითაც, უფროსი მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. იმნაძე ამბობს, რომ ნატოს საკითხზე ჯერჯერობით არც ვეტერანებთან უსაუბრია, რადგან ლოკალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები აინტერესებთ.

ვლადიმერ იმნაძის ბიოგრაფია

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე 1954 წლის 27 დეკემბერს ქ.ბათუმში დაიბადა. 1972-1976 წლებში სწავლობდა უმაღლეს სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელში, 1983-86 წლებში კი – უმაღლეს საარტილერიო აკადემიაში.

1976 წლიდან მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე. 1998 -1999 წლებში იყო სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 1999-2000 წლებში – დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე; 2001-2002 წლებში -კვლავ სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 2002 წელს – სახმელეთო ჯარების სარდალი; 2002-2003 წლებში – გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 2003 წელს – გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წელს გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობისა და სამობილიზაციო დეპარტამენტის უფროსი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე.

ბოლო დროს მუშაობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანმდებობაზე. ვლადიმერ იმნაძე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო დონის შეხვედრებში, სემინარებსა და სწავლებებში.

2003 წელს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. ასევე საბრძოლო მედლებით: „მხედრული მამაცობისათვის“; „საბრძოლო დამსახურებისათვის“; „სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების 1-ლი ხარისხის ნიშნით“. მიღებული აქვს სხვა ქვეყნის 7 მედალი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი