ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი კანონები ხელისუფლების მტრების წინააღმდეგ აზერბაიჯანში

13 დეკემბერი, 2016 • 3409
ახალი კანონები ხელისუფლების მტრების წინააღმდეგ აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პოლიციის თანამშრომლებს ჩხრეკის ჩატარება მოწმეთა გარეშე შეეძლებათ. ასევე, მილი მეჯლსის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა თითქმის ერთხმად განაცხადეს კანონში ახალი პუნქტის დამატების შესახებ, რაც პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების შესახებ უსიამოვნო გამონათქვამებს დაარეგულირებს. ყველაზე საინტერესო მაინც ერთი ფაქტია – აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი ელმირა ეხუნდოვა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვს. ასეც განაცხადა: სიკვდილით დასჯის დრო დადგა.

როგორ შეიძლება განვიხილოთ ეს კანონები და მოთხოვნები? რისი ეშინია ხელისუფლებას და რა შეიცვლება ქვეყანაში ახალი კანონების მიღებით? ჩვენს კითხვებს პასუხობს ადვოკატი ფარიზ ნამაზლი, რომელიც აზერბაიჯანის საზოგადოებამ ქვეყანაში ბევრი ოპოზიციონერის, მათ შორის ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დამცველად გაიცნო.

ბატონო ფარიზ, ახალი კანონის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებს უკვე მოწმეების გარეშე შეუძლიათ ჩხრეკის ჩატარება. როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ეს საჭიროება ხელისუფლებისთვის და კანონში აღნიშნულ ცვლილებას რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს?

საქმე ის არის, რომ როდესაც ჩხრეკა მოწმეების თანდასწრებით მიმდინარეობს, იქ ბევრი კანონდარღვევის აღმოჩენა შეიძლება. თუმცა, თუ საქმე “შეკვეთილია”, მოწმეების დაშინებაც მარტივია. ამის მიუხედავად, არსებობს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს სხდომის დროს მოწმეები აცხადებენ, რომ ჩხრეკის პროცესში არ დაუნახავთ, როგორ “აღმოაჩინა” პოლიციამ ბრალდებულის გარკვეული უკანონო ნივთები. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო იძულებულია ხოლმე, გადაწყვეტილება ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიტანოს. ვფიქრობ, ეს კანონი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მიიღეს.

ახლახან მიღებული კანონები, შესაძლოა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან და საზოგადოებაში არსებულ ზოგად უკმაყოფილებასთანაც დავაკავშიროთ?

ახალ კანონებსა და სასჯელის გამკაცრების მოთხოვნებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დააშინონ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას რაღაში ეწინააღმდეგებიან. დიახ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, ხალხი- უკმაყოფილო, რომელმაც, შესაძლოა, პროტესტი გამოთქვას. ახალი კანონები ამ პროტესტების ჩასახშობად იმუშავებს. ხელისუფლების მიზანი სწორედ ესაა.

რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ელმირა ახუნდოვამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა მოითხოვა. როგორ ფიქრობთ, რეალურია ასეთი რამ? რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება მსგავსი სასჯელი გამოიყენონ?

თუ სიკვდილით დასჯა აღდგება, პირველ რიგში, ის მძიმე დანაშაულებზე გავრცელდება. ამავე დროს, ეს კანონი გაამარტივებს ხელისუფლების ბრძოლას ოპოზიციონერებთან, ანუ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ახუნდოვას მოწოდებას და სერიოზულ განცხადებად ის არ მიმაჩნია.  უბრალოდ, ამ დეპუტატს სათქმელი არაფერი აქვს. როგორც დეპუტატს, საკანონმდებლო სფეროში არ შეუძლია რაიმეს შეთავაზება მილი მეჯლისთვის და მგონია, რომ “კრეატიულობის” გამოჩენა გადაწყვიტა.

რას ფიქრობთ ახალ კანონზე ინტერნეტისა და სოციალური ქსელების შესახებ? რაში სჭირდება ხელისუფლებას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზრებებს?

აზერბაიჯანში ყველა ტელევიზია ხელისუფლებას ემორჩლება. ფაქტიურად არ დარჩა თავისუფალი მედიარესურსი. კრიტიკის სულ მცირე ტრიბუნაც კი არ არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი აზრისა და გამონათქვამის დაფიქსირების ადგილი მხოლოდ ინტერნეტში რჩება. რამდენადაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი კრიტიკის მიმართ, მას ძალიან აღიაზიანებს ინტერნეტრესურებში სიტყვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ყველაზე ხშირად კრიტიკა სოციალურ ქსელებში ისმის იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ქვეყნიდან გააქციეს. ძალიან ბევრი ჩვენი აქტივისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი დღეს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. მათ თავისუფლად შეუძლიათ ხელისუფლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში საუბარი და სხვა ინტერნეტმომხმარებლებთანაც წვდომა. ეს ძალიან აღიაზიანებს ხელისუფლებას და კრიტიკოსებისა და მაგინებლების დასასჯელად ახალ ზომებს იგონებს. ახალი კანონიც გათვლილია იმისთვის, რომ ადამიანები დაადუმონ.

ბოლო დღეებში ისიც შევიტყვეთ, რომ აზერბაიჯანიდან ბევრი გაგზავნილი საქმე ევროპულ სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით ადრესატამდე არ მისულა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ბოლო დროს აზერბაიჯანიდან ევროპულ სასამართლოში ბევრი საჩივარი იგზავნება. მათი რაოდენობა დღიურად კი არა, საათობრივად იზრდება. უწინ ხელისუფლებას არ აღელვებდა, რომ ევროპულ სასამართლოს, უმეტეს შემთხვევაში, მომჩივანის სასარგებლოდ გამოჰქონდა გადაწყვეტილება. ფული ბევრი იყო და ხელისუფლება კომპენსაციებს იხდიდა. მაგრამ ახლა ნავთობი იაფდება, ეროვნული ვალუტის ღირებულება მცირდება, ქვეყანაში კრიზისია, ხელისუფლება უცხოეთიდან ფულის ძიებაშია. ბუნებრივია, ამ პირობებში მათ არ სურთ კომპენსაციების გადახდა. შესაბამისად, ყველა მეთოდით ხელს უშლიან მომჩივანს, საჩივარი გაგზავნოს ევროპულ სასამართლოში. ის, რომ ბევრმა შუამდგომლობამ ვერ მიაღწია ადრესატამდე, იმის მაჩვენებელია, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდოდა მათი გაგზავნა.

ადვოკატი ფარიზ ნამაზლი

ადვოკატი ფარიზ ნამაზლი

ესაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი გუნელ მევლუდი

მასალების გადაბეჭდვის წესი