ახალი ამბები

კარლო ნატალე: დარწმუნებული ვარ, ვიზის ლიბერალიზაცია მომავალ თვეებში მოხდება

13 დეკემბერი, 2016 • 2076
კარლო ნატალე: დარწმუნებული ვარ, ვიზის ლიბერალიზაცია მომავალ თვეებში მოხდება

ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე ამბობს, რომ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი მომავალ თვეებში დასრულდება.

“ჩვენ ველოდებით სიახლეებს ბრიუსელიდან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინა კვირას, როდესაც ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და ევროპის კომისიას შორის მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმზე დადებითად გადაწყდა. რომელიც პირდაპირ არ ეხებოდა საქართველოს, მაგრამ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისათვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ ვიზის ლიბერალიზაცია მომავალ თვეებში მოხდება,” – აცხადებს ნატალე.

ევროპარლამენტი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად დეკემბრის პირველ კვირამდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ისინი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე. ფოტო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირზე

ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე. ფოტო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი