ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი უწყლო ბინები – სად მისცეს საცხოვრებელი დევნილებს

12 დეკემბერი, 2016 • 5238
ახალი უწყლო ბინები – სად მისცეს საცხოვრებელი დევნილებს

ვაზიანის დასახლებაში დევნილებისთვის სპეციალურად აშენებულ კორპუსში, სადაც დევნილები დაახლოებით ორი კვირის წინ საცხოვრებლად შევიდნენ, სასმელი წყალი არ აქვთ და სამინისტროს ვარაუდით, მხოლოდ 2017 წელს ექნებათ.

2017 წლის ჯერ გაურკვეველ თარიღამდე ამ ადამიანებს წყლის მოტანა ნახევარ კილომეტრში მდებარე ონკანიდან შეეძლებათ. ზამთრის ძლიერი ყინვების დროს არც ამის საშუალება ექნებათ, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში წყალი უკვე რამდენჯერმე გაიყინა.

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

სამი მცირეწლოვანი შვილის დედას, ლელა არზიანს და მის ქმარს ბავშვები დასაბანად კვირაში ერთხელ თბილისში ნათესავთან მიჰყავთ. თან მიაქვთ გასარეცხი ტანსაცმელიც.

“ძალიან რთულია ხუთსულიანი ოჯახისთვის წყლის გარეშე ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ჯერ მხოლოდ უნიტაზის ჩასარეცხად რამდენი წყალია საჭირო”, – ამბობს ლელა არზიანი.

მისი მეზობლისთვის, 60 წლის მარტოხელა ქალისთვის უწყლოდ ცხოვრება კიდევ უფრო რთულია. ქალს ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს და მეზობლებისთვის უწევს თხოვნა, რომ ვინმემ წყალი ამოუტანოს.

“ამ სპეციალური გადასაადგილებელი მოწყობილობით კი ვმოძრაობ, მაგრამ იმ გზებზე წყლის მოსატანად რომ ჩავიდე, ან ამოვალ იქიდან ცოცხალი და ან არა. ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი გასაჭირი, მე კიდევ მათი შეწუხება მიწევს. ამიტომ ძალიან ეკონომიურად ვხმარობ ამ წყალს, მაგალითად, თავს რომ დავიბან, იმ ნარეცხს იატაკის მოსარეცხად ვიყენებ”, – ამბობს ნათელა თორია.

ნათელა თორია; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ნათელა თორია; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ქუჩის ონკანიდან მოტანილი სასმელი წყალი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ქუჩის ონკანიდან მოტანილი სასმელი წყალი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში, სადაც სამინისტრომ დევნილებს კორპუსი აუშენა, წყლის პრობლემა გვერდით მდებარე სხვა კორპუსის მცხოვრებლებსაც აქვთ. ზოგიერთ კორპუსში კუსტარული საქაჩი მოწყობილობა დააყენეს და წყლის პრობლემა ასე მოიგვარეს.

მიმდებარე კორპუსებში დამონტაჟებული კუსტარული მოწყობილობები; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

მიმდებარე კორპუსებში დამონტაჟებული კუსტარული მოწყობილობები; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილებს კითხვა აქვთ, თუ სამინისტროსთვის ცნობილი იყო ეს პრობლემა, რატომღა დაასახლა ისინი ასეთ დასახლებაში.

“გგონიათ, წყლის პრობლემა აქ ერთადერთია? ერთი ლამპიონიც კი არ მუშაობს.
არადა, ღამით ამ დასახლებაში ფეხით ვერ გახვალ, საღამოვდება თუ არა, ტურების ხმა გვესმის”, – ამბობს ნათელა თორია.

დასახლებაში სურსათის რამდენიმე მაღაზიაა, სადაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყველაფერი 10-20 თეთრით ძვირი ღირს, ვიდრე თბილისში. დასახლებიდან თბილისამდე ერთი სამარშრუტო ხაზი მუშაობს. მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილებისთვის აშენებული კორპუსი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილებისთვის აშენებული კორპუსი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსი 40 ოჯახზეა გათვლილი. ოფიციალური ინფორმაციით, სახლები 35 ოჯახზე უკვე განაწილდა და 5 ბინაზე ისევ კონკურსი მიმდინარეობს. ამ კორპუსში 35 ოჯახიდან დღეს მხოლოდ 10 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები ამბობენ, რომ წყლის პრობლემის გამო ბევრს ისევ ქირით ყოფნა ურჩევნია და არ გადმოდის. მათ კი, ვისაც სხვა წასასვლელი ან დასარჩენი არ აქვთ, იძულებული არიან, ასეთ პირობებში იცხოვრონ.

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილთა კორპუსში მცხოვრები გვანცა ჭკადუა; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილთა კორპუსში მცხოვრები გვანცა ჭკადუა; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ვაზიანის დევნილებისთვის წყლის პრობლემის საკითხზე დევნილთა სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტრო ირწმუნება, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ყველა ოჯახი იყო გაფრთხილებული და ძალით იქ არავინ შეუსახლებიათ.

გარდა ამისა, დევნილთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალ ბინებში ტექნიკური, სასმელად უვარგისი, თუმცა სხვა მიზნებით გამოსაყენებელი წყალი მაინც მოდის.

“ტექნიკური წყალი მიეწოდებათ. ჩვენს ობიექტს აქვს დამოუკიდებელი ჭაბურღილი. სასმელად არ ვარგა, არ არის რეკომენდირებილი, თუმცა, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოიყენება”, – ამბობს მურად აბლოთია, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ნეტგაზეთთან საუბარში.

კითხვაზე, მაშინ რატომ არ მოდის ონკანში არც ტექნიკური წყალი [პირადად გადავამოწმეთ], აბლოთია პასუხობს, რომ შესაძლოა, მათ თავად გადაკეტეს.

“იქნებ ვინმეს არ ჰქონდა ჩართული. იქნებ გადაკეტილი აქვთ. ტექნიკური ზედამხედველობა შეგვიძლია გავუშვათ. არ შევასახლეთ იქამდე, სანამ ტექნიკური წყალი არ ექნებოდათ”, – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

დევნილები სამინისტროს პასუხს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არც ერთი წუთით არ მოსულა ონკანიდან წყალი, თუნდაც ტექნიკური.

დევნილებმა გვაჩვენეს კორპუსის გვერდით მდებარე შემოღობილი ჭაბურღილი, თუმცა, რა დანიშნულება აქვს მას, ამბობენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს.

დევნილთა კორპუსის გვერდით შემოღობილი წყლის ჭაბურღილი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

დევნილთა კორპუსის გვერდით შემოღობილი წყლის ჭაბურღილი; ვაზიანის დასახლება; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

რაც შეეხება სასმელ წყლის პრობლემას, სამინისტროს ამის შესახებ ასეთი პასუხი აქვს:

“ვაზიანში მთლიანად მთელ დასახლებშია წყლის პრობლემა. არც ერთ კორპუსს არ მიეწოდება მუდმივი წყალი. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ვაზიანის დასახლების წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ვფიქრობდით, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გადაგვეცა გასაღები, თუმცა მათივე მოთხოვნით გადავეცით”.

კითხვაზე, როდის ექნებათ ამ ადამიანებს სასმელი წყალი, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს:

“კონკრეტული ვადები არ ვიცით, მუნიციპალური განვითარების ფონდი და გარდაბნის მუნიციპალიტეტი ახორციელებს, დაგეგმილია, რომ 2017 წელს იქნება. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით”.

ნეტგაზეთისთვის უცნობია, რა პირობებში ცხოვრობენ და აქვთ თუ არა მსგავსი პრობლემები ადამიანებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად დევნილებისთვის აშენებულ სხვა დასახლებებსა და კორპუსებში. დევნილების ახალი საცხოვრებელი პირობების შესახებ მასალებს პერიოდულად მოგაწვდით.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ ინტერაქტიული რუკა აფხაზეთიდან დევნილების სტატისტიკისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომელიც “სამხრეთ კავკასიის ამბების” პროექტის ფარგლებში მომზადდა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი