ახალი ამბები

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა არ იცის, რამდენია ქვეყნის ბიუჯეტი

12 დეკემბერი, 2016 • 5008
დეპუტატმა ემზარ კვიციანმა არ იცის, რამდენია ქვეყნის ბიუჯეტი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ემზარ კვიციანმა არ იცის, რამდენია ქვეყნის ბიუჯეტი. მისი თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი წინა წლებში  რამდენიმე მილიარდს აჭარბებდა:

“ბოლოს [შევარდნაძის დროს] თავდაცვაში ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 39 მილიონი ლარი იყო, ისიც შემდეგ სეკვესტრირებული, 2004 წელს გვქონდა 9 მილიარდი, 2008 წელს 20 მილიარდამდე აკლია ცოტა”, – განაცხადა კვიციანმა 7 დეკემბერს,”ობიექტივის” ეთერში სტუმრობისას.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.5 მილიარდი ლარი 2007-08 წლებში იყო, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის 743 მლნ 200 ათასი ლარია გამოყოფილი, 2016 წლის გეგმიური ბიუჯეტით კი უწყებისთვის 670 მლნ ლარი იყო გათალისწინებული. 2017 წლის ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი ჯანდაცვის უწყებას ეთმობა, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 მილიარდ 330 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 31.5%). 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 715 მლნ ლარით განისაზღვრა.

ემზარ კვიციანი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ პარტიული სიით გახდა, იგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი