ახალი ამბებიეკონომიკა

ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის დაწესაბას ითხოვენ

12 დეკემბერი, 2016 • 4490
ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის დაწესაბას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს საფინანსო–საბიუჯეტო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს ექსპორტის მომსახურების ტარიფის შემოღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაავალა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართულმა ქაღალდისა და მუყაოს მწარმოებელმა კომპანიებმა (შპს ნეოპრინტი, შპს ტისიუპეიპერ, შპს ქაღალდი, შპს ჯორჯიან ფეიფერ პროდაქშენ, შპს ნეოპრინტი) საკანონმდებლო წინადადება დღეს გაუგზავნეს. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით საპარლამენტო ბიუროს გადაწყვეტილება პარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

ადგილობრივი კომპანიები საქართველოს პარლამენტს “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილების შეტანას თხოვენ, რომლის თანახმადაც, კოდექსს უნდა დაემატოს 226–ე მუხლის მეორე ქვეპუნქტი, სადაც ჩაიწერება, რომ რეგენერირებადი ქაღალდის და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადასახადის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ქართული ქაღალდის მწარმეობელი კომპანიების წერილში ნათქვამია, რომ ისინი დამატებითი სიმძლავრეების დანერგვას გეგმავენ, რათა გააფართოონ წარმოება, გახადონ დინამიკური და სტაბილურად რენტაბელური. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი კომპანიები აცხადებენ, დამატებით დაასაქმებენ რამდენიმე ასეულ ადამიანს.

კომპანიების განცხადებით, მათთვის სერიოზულ შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოში შეგროვებული მაკულატურის დიდი ნაწილი გაედინება ექსპორტზე მეზობელ სახელმწიფოებში. ადგილობრივი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოში რეგისტრირებულ ქაღალდის წარმოების დარგში დასაქმებულ ყველა კომპანიას არაკონკურენტულ პირობებში აყენებს პროდუქციის უცხოელ იმპორტიორებთან:

“მიგვაჩნია, რომ ქაღალდის ნარჩენების (მაკულატურის) საქართველოდან ექსპორტზე უნდა დაწესდეს ექსპორტის მომსახურების ტარიფი, რაც რეალურად ხელს შეუწყობს ქაღალდის მაკულატურის, როგორც ნედლეულის ადგილობრივი ქაღალდის ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შესყიდვას და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის ზრდას, რომელთა გარკვეული ნაწილი ექსპორტზეც გადის და მომავალშიც უფრო მეტი მოცულობით გავა მეზობელ ქვეყნებში. შედეგად, მივიღებთ ქაღალდის საწარმოებში დამატებითი ინვესტიციების ჩადების პერსპექტივას, დამატებით შექმნილ ასეულობით სამუშაო ადგილს და, რაღა თქმა უნდა, სავალუტო და ფისკალურ ეფექტს – სახელმწიფო ბიუჯეტში გაზრდილ შემოსავლებს.”

ქართული ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე ტექნიკურად ისევე უნდა დარეგულირდეს, როგორც ეს ხდება საქართველოს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში. საქართველოს წინა მთავრობამ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება 2012 წლის თებერვალში მიიღო.

“ამან შედეგად მოიტანა აღნიშნული ნედლეულის ქვეყნის ბაზარზე დარჩენა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, რაც გამოიხატა რუსთავში მეტალურგიული ქარხნის ამუშავებით და ქუთაისში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად ლითონის გადამამუშავებელი ქარხნის ექსპლოატაციაში გაშვებით. მოგეხსენებათ, ყოველივე ამის შედეგად მოჰყვა დამატებითი ასობით სამუშაო ადგილების გაჩენა, ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი – მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. აგრეთვე, ამ საწარმოების მიერ წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლა იმპორტი შესაბამის პროდუქციაზე, რამაც გამოიწვია შესაბამისი სავალუტო და მონეტარული ეფექტი. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და “საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 226-ე მუხლს უნდა დაემატოს მეორე ქვეთავი – რეგენერირებადი ქაღალდის და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფი. შესაბამისად, რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე კანონის შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს ექსპორტის მომსახურების ტარიფი,” – აცხადებენ ქართული ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები.

ადგილობრივი კომპანიების გაანგარიშებით, ქაღალდის მაკულატურაზე ექსპორტის მომსახურების ტარიფი უნდა განისაზღვროს 150 ლარის ფარგლებში. ისინი ფიქრობენ, რომ ბიზნესომბუდსმენის მიერ მათი პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, საქართველოში ქაღალდის წარმოების საწარმოებისათვის სერიოზული თანადგომა იქნება:

“ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიღებს შესაბამის ეკონომიკურ ეფექტს, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით, დამატებით საწარმოო სიმძლავრეების შექმნის, ადამიანების დასაქმების, ფისკალური შემოსავლების და პროდუქციის ექსპორტის ზრდის კუთხით. მზადყოფნას გამოვთქვამთ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული საკითხის საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან განხილვისას, საქართველოში ქაღალდის მაკულატურის მომხმარებელ სხვა კომპანიებთან ერთად.”

ქართული ქაღალდის მწარმოებელი კომპანების წინადადებას რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს ექსპორტის მომსახურების ტარიფის შემოღებასთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოში ამ დარგში დასაქმებული ქაღალდის მაკულატურის მომხმარებელი კომპანიები, რასაც შესაბამისი ხელმოწერებით ადასტურებენ.

საკანონმდებლო წინადადებას რეგენირებადი მაკულატურის და ნარჩენების ექსპორტის მომსახურების ტარიფის შემოღების შესახებ რამდენიმე კომიტეტი განიხილავს, ხოლო მიღებულ დადებით თუ უარყოფით გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს აცნობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი