ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი შრომითი უფლებებისთვის ღია ცის ქვეშ

ნიკა ჩერქეზიშვილი უკვე მეორე დღეა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ საპროტესტო აქციას მართავს. იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურში აღდგენას ითხოვს.

11 დეკემბრის ღამე მან უკვე გაატარა კანცელარიის მიმდებარედ და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, სანამ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი საკითხით პირადად არ დაინტერესდება.

ჩერქეზიშვილმა პრემიერისა და სახალხო დამცველის სახელზე კანცელარიაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქმის შესწავლის მოთხოვნით განცხადებები უკვე დატოვა და კანცელარიის იურისტებსაც შეხვდა.

“საკმაოდ კონსტრუქციულად გამოვიდნენ კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტიდან წარმომადგენლები. გამესაუბრნენ, მოისმინეს ჩემი მოთხოვნები, ჩაიწერეს დეტალები და საკონტაქტო ნომერი. მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან, თუმცა ჯერ არავინ დამკავშირებია. ველოდები,” – ამბობს ჩერქეზიშვილი.

ნიკა ჩერქეზიშვილი 2015 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან ექვსთვიანი გამოსაცდელი სამუშაო ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს. დეპარტამენტი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ვალდებულია დასაქმებულს განუმარტოს სამსახურიდან გაშვების მიზეზი. ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ მისი დათხოვნის მიზეზად არაპროფესიონალიზმი და კონფლიქტური ხასიათი დასახელდა, რაც შეუძლებელია, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე ის იუსტიციის სამინსიტროს ამავე დეპარტამენტში მუშაობდა დაახლოებით 11 წლის განმავლობაში. სამსახურის შეცვლა კი უკეთესი პირობების გამო გადაწყვიტა.

“ამდენი წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში და შენიშვნაც კი არ მიმიღია. დარღვევების გარეშე ვიმუშავე და უცებ მეუბნებიან, რომ არაკვალიფიციური და კონფლიქტური კადრი ვარ. სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზებით გამათავისუფლეს,” – ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.

ნიკა ჩერქეზიშვილი 12.12.16 ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ნიკა ჩერქეზიშვილი 12.12.16 ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ჩერქეზიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვდა. საქმის განხილვა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და 5 დეკემბერს მოსამართლემ ჩერქეზიშვილის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

ნიკა ჩერქეზიშვილის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” იურისტები იცავდნენ. როგორც TI-ის უფროსი იურისტი თეონა ზაქარეიშვილი აცხადებს, დასაბუთებული განაჩენი მხარეს ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათთვის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ჯერ უცნობია. მოსამართლეს პროცესზე არც დამატებითი განმარტებები გაუკეთებია.

იურისტის თქმით, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც უჩვენებდა, რომ ჩერქეზიშვილის კვალიფიკაციამ ან მისმა ხასიათმა მის მიერ შესრულებული საქმის ხარისხზე იქონია გავლენა. სამინისტროს ასევე არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც ამ ექვსი თვის განმავლობაში დასაქმებულის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ საქმეს ასახავდა.

“საუბრობდნენ მის კონფლიქტურ ხასიათზე, თუმცა ამას რაიმე ობიექტური გარემოებით ვერ ასაბუთებდნენ. იყვნენ მოწმეები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩერქეზიშვილის საქმიანობა შეფასდეს უარყოფითად. ასევე, როდესაც პიროვნული თვისებების გამო ხდება გათავისუფლება უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ მისმა კონფლიქტურმა ხასიათმა რაიმე საქმის შესრულება შეაფერხა, ან დაზარალდა სამინისტრო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა,” – ამბობს ზაქარეიშვილი.

ჩერქეზიშვილის იურისტები სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სამსახურის დაკარგვის შემდეგ ჩერქეზიშვილი, როგორც თავად ამბობს, ახალი სამსახურის დაწყებასაც ვეღარ ახერხებს და სწორედ ამან აიძულა, რომ პროტესტის ასეთი ფორმისათვის მიემართა:

“გავდივარ სხვადასხვა კონკურსებზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე.”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე მოუწოდებს ნიკა ჩერქეზიშვილს, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. სამინისტრორ მასთან შეხვედრისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"სოლიდაობა ნიკა ჩერქეზიშვილს" - კანცელარიასთან ჩერქეზიშვილი პროტესტს განაგრძობს 12.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“სოლიდაობა ნიკა ჩერქეზიშვილს” – კანცელარიასთან ჩერქეზიშვილი პროტესტს განაგრძობს 12.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად დღეს კანცელარიასთან “თბილისის სოლიდარობის ქსელის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

“ძალიან მნიშვენლოვანია ნიკა ჩერქეზიშვილისათვის სოლიდარობის გამოცხადება, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვან პრობლემას – შრომით უფლებებს. ბევრი თავს იკავებს ამის გაპროტესტებისაგან და ვერ ბედავს, მაგრამ ასეთი პრეცედენტები სხვებსაც მისცემს იმის მოტივაციას, რომ თავადაც დაიცვას თავისი უფლებები,“ – ამბობს ქსელის წევრი შოთო აზიკური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი